მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების გიგანტმა Microsoft საქართველოსთვის დაბალფასიანი სერვისების, განვადების თუ გადაავადების შემოთავაზების სახით სპეციალური პირობები შექმნა. თუმცა, ქართული ბიზნესი Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის ლეგალიზების საკითხთან დაკავშირებულ პრობლემებზე გასული წლიდან საუბრობს, - თემაზე ’’ბიზნესკონტრაქტთან“ საქპატენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ გოგილიძე საუბრობს.
-საქართველოს მთავრობასა და Microsoft-ს შორის შარშან ხელშეკრულება გაფორმდა, რომ საჯარო დაწესებულებები Microsoft-ის ლიცენზირებულ პროგრამებზე უნდა გადასულიყვნენ. ეს პროცესი დასრულებულია თუ არა და ინფორმაციას თუ ფლობთ რა დაუჯდა ეს ბიუჯეტს?
-საქართველოს მთავრობამ 2015 წლიდან Microsoft-თან სალიცენზიო ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ყველა სახელმწიფო სტრუქტურისთვის ლეგალური, ლიცენზირებული პროგრამების შესყიდვას და ამ პროგრამით სარგებლობას გულისხმობდა. ზუსტი ციფრი არ ვიცი, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს დაახლოებით 20 მილიონ ლარამდე დაჯდა, თუმცა, ეს პოზიტიური სიგნალი და ნაბიჯი იყო საქართველოს მხრიდან, რადგან საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე თვითონ სახელმწიფო ზრუნავს და სახელმწიფომ კერძო სექტორს პირველი მაგალითი აჩვენა, რომ ყველა პროდუქტი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრებით დაცულია, აუცილებლად კანონიერად უნდა იყოს გამოყენებული.
-ყველა საჯარო უწყება ლიცენზირებულ პროგრამას იყენებს უკვე?
-დიახ, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ყველა საჯარო უწყება Microsoft-ის ლიცენზირებული პროგრამებით სარგებლობს.
-ამ მხრივ რა მაგალითი უნდა აჩვენოს ბიზნესმა?
-ამ კუთხით სიტუაცია ისეთია, რომ პროგრამული უზრუნველყოფა, რასაც ჩვენ Windows ვეძახით, თუ საოფისე პროგრამა იქნება, ეს Microsoft-ის ჩვეულებრივი კერძო საკუთრებაა და მისი ნებისმიერი ფორმით გამოყენება მის ნებართვასა და მისგან ლიცენზიის შესყიდვას საჭიროებს. ნებისმიერ ბიზნესს, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ის თავის სფეროში ლეგალურად მუშაობს, ამ ლეგალური მუშაობის ერთ-ერთი კომპონენტი აუცილებლად არის ის, რომ ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფა იქნება ეს, თუ სხვა სახის ობიექტი, რომელიც სხვის საკუთრებას წარმოადგენს კანონიერად იქნას გამოყენებული. ამ მხრივ, ჩვენ Microsoft-თან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, რისთვისაც სახელმწიფოს მალობა მინდა გადავუხადო, რადგან სალიცენზიო კუთხით რაც ხელშეკრულება გავაფორმეთ, მუშაობა ერთად დავიწყეთ იმაზე, რომ ქართული ბიზნესისთის გარდამავალი პერიოდი დამაზიანებელი არ ყოფილიყო და 2014 წლიდან მოყოლებული Microsoft-ი ცდილობდა სხვადასხვა წერილებით, საშეღავათო პროგრამებითა თუ გაფრთხილებებით ბიზნესი დაერწმუნებინა იმაში, რომ ლეგალურ პროგრამებზე გადმოსულიყვნენ და სასამართლო პროცესები თავიდან მაქსიმალურად აერიდებინათ.
-თუმცა, რამდენიმე კომპანიას ჯარიმა დაეკისრა და სასამართლო განხილვა მიმდინარეობს. ლაშა პაპაშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით ერთგვარი ჭიდაობაც კი იყო საჯარო დაწესებულებებში და აქედან გამომდინარე წამოვიდა ის თემა, რომ ლიცენზირებაზე გადასულიყვნენ...
-ზოგადად სასამართლო პროცესი ყოველთვის ჭიდაობას გავს, რადგან ორი მხარე ერთმანეთთან ვერ თანხმდება. უბრალოდ იმ წინა სამუშაოებმა, რაც Microsoft-მა ჩაატარა უზრუნველყო ის, რომ სტატისტიკის მიხედვით ბევრად მეტია გადასული სასამართლოს გარეშე ლიცენზირებულ პროგრამებზე, ვიდრე დავა არსებობს. საქართველოში 7 დავაა და თუ თქვენ დათვლით იმ კომპანიებს, რომლებიც დავის გარეშე გადავიდნენ თავისი ნებით ლეგალურ პროგრამებზე, ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ის 7 კომპანია. ზოგადად 7 და ერთეული კომპანიები არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც ამბობენ ხოლმე ლიცენზირებულ გამოყენებაზე და არც ერთი განვითარებული ქვეყნისთვის დავები უცხო არ არის. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ყოველთვის მოიძებნება ისეთი კომპანია, რომელიც თანახმა არ იქნება სალიცენზიო საფასური ნებით გადაიხადოს. სწორედ ამისთვის არსებობს სახელმწიფო და კანონმდებლობა ამ სახელმწიფოში, რომ ასეთ შემთხვევაში უფლების მფლობელს ეფექტური ბერკეტებით თავისი უფლებების დაცვის საშუალება მისცეს, რათა აღასრულოს ის და პრევენციული სახით აჩვენოს ახვა წარმომადგენლებს, რომლებიც იგივე კომპანიის პროგრამებს იყენებენ, რომ ლეგალური ლიცენზიის შეუძენლობის შემთხვევაში იძულებითი ღონისძიებების გატარება მოხდება.
-თქვენ ახსენეთ, რომ მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო ის პროცესი გამოყენებული, რომ ბიზნესი უმტკივნეულოდ გადასულიყო ლიცენზირებულ პროგრამაზე, ის უპრეცენდენტო შეთავაზება, რომელიც Microsoft-მა გააკეთა. როგორ ფიქრობთ, როდის შეძლება, რომ ქართული ბიზნესი მასობრივად ლიცენზირებულ პროგრამებზე გადავიდეს?
- როდესაც ბაზრის 84 % არალეგალურია იმის ილუზია არავის არ გვაქვს, რომ ეს 1 წელიწადში მოხდება, თუმცა ის პაკეტი, რომელსაც Microsoft-ი დღეს ქართულ ბიზნესს სთავაზობს, მსოფლიოში უნიკალურია და ეს იყო სწორედ იმ კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგი, რაც Microsoft-მა გადაწყვიტა საქართველოში სახელმწიფოსთან ეწარმოებინა იმისთვის, რომ მათი უფლებების დაცვა ვიღაცის გამოუსწორებელი დაზიანების ხარჯზე არ მომხდარიყო. პლუს ამას, Microsoft-ი კიდევ უფრო მეტს გეგმავს. ჩვენ შეხვედრა გვქონდა და ამაზე ერთად ვისაუბრეთ. გარდა იმისა, რომ არის საშეღავათო პირობა, რომ განვადებით შეიძლება ამ პროგრამების შეძენა და გადანაწილება იმ საფასურისა, რაც კომპანიას აქვს, ჩვენ ვგეგმავთ ერთობლივად განვახორციელოთ ღონისძიებები, რომ ბიზნესის ინფორმირება მოვახდინოთ, რათა მათ ოპტიმალური პაკეტი შეიძინონ, რაც ფასშიც ბევრად უფრო ნაკლები იქნება. ხშირად არის შემთხვევა, როდესაც არა მხოლოდ ბიზნესმა, არამედ ადამიანებმაც არ იციან, რომ პაკეტი მთლიანად არ სჭირდებათ, სრულ პაკეტს ყიდულობენ და მხოლოდ 20%-ს იყენებენ.