"ხუდონჰესის" ინვესტორი კომპანია "ტრანს ელექტრიკას" ტექნიკური დირექტორის დავით მირცხულავას განცხადებით, პროექტი ამ ეტაპზე გაჩერებულია.
"ლონდონში ხელმოწერილი ბოლო ხელშეკრულების შემდეგ, რეალურად არაფერი გაკეთებულა. პროექტი გაჩერებულია. ჩვენ წელიწადნახევარი ვაგრძელებდით გარკვეულ კვლევებს, რომელიც მუდმივად უნდა აწარმოო ასეთი პროექტის შემთხვევაში, მაგრამ შემდეგ ინვესტორმა პროექტი გააჩერა, თუმცა გარკვეული სამუშაოები მონიტორინგის თვალსაზრისით დღესაც მიმდინარეობს", - განაცხადა მირცხულავამ.
რაც შეეხება პროექტში სახელმწიფოს მონაწილეობის პირობებს, მირცხულავას ინფორმაციით, მთავრობასა და ინვესტორს შორის ბოლო შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფოს შეზღუდული რაოდენობის აქციების მიღებაზე გარკვეული ოფციონი აქვს და მისი გაზრდა საჭირო არ არის.
"მიმაჩნია, რომ სახელმწიფო პროექტების კარგი მენეჯერი არ არის", - აღნიშნა მან.
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის გეგმასთან დაკავშირებით კი რომელიც „ხუდონჰესის“ პროექტის განხორციელებას გულისხმობს, დავით მირცხულავას ინფორმაცია არ აქვს.
"ამის შესახებ ჩვენთვის არაფერია ცნობილი. კომპანიას არანაირი გეგმა არ მიუღია", - განაცხადა მირცხულავამ.
ამასთან, პროექტის გაჭიანურების მიზეზებზე საუბრისას „ტრანს ელექტრიკას“ ტექნიკურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას პრობლემები ახლავს.
„დიდი, „ხუდონის“ მსგავსი პროექტები ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ზამთარში „ენგურჰესს“ ვერ ვიყენებთ, რადგან აფხაზეთში მოხმარება კატასტროფულად იზრდება. ისინი უკვე დიდი ხანია გასცდნენ ელექტროენერგიის ისეთ განაწილებას, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში იყო შეთანხმებული - 40/60-ზე. ისინი დღეს „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიიდან 50%-ზე მეტს იღებენ და ესაც არ არის საკმარისი. „ხუდონჰესის“ დამატების შემთხვევაში კი „ენგურჰესი“ დაახლოებით ნახევარ მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა იმ დაგროვილი წყლის დახმარებით, რომელიც საკმაოდ მცირე წყალსაცავში დაგროვდება. ასევე, ზოგადად იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო 70%-ზე მეტად დამოკიდებულია იმპორტირებულ ენერგოშემცველზე, ეს არის ის საკითხი, რაზეც ქვეყნის მთავრობამ ძალიან სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა მირცხულავამ.
მისი ინფორმაციით, „ტრანს ელექტრიკამ“ პროექტის განხორციელებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე უკვე 30 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.