Home
Category
TV Live Menu

"ხუდონჰესის პროექტი აქტიურ ფაზაში არაა, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ გარკვეული სამუშაოები არ მიმდინარეობს"

57b3fecea85f5
BM.GE
17.08.16 10:01
907
2026 წლისთვის საქართველოში ენერგეტიკის წლიური მოხმარება შესაძლოა 44%-დან 90%-მდე გაეზარდოს. ბუნებრივი გაზის მოხმარების ზრდამ კი შესაძლოა 115% შეადგინოს, ნავთობპროდუქტებისამ 30%, ხოლო ელექტროენერგიის 78%. აღნიშნული პროგნოზის თანახმად, ქვეყნის განვითარების ეკონომიკური პერსპექტივა შესაძლოა შეფერხდეს წარმოქმნილი ენერგო დეფიციტის გამო, - ამის აღნიშნულია ენერგეტიკის ახალ სტრატეგიაში “საქართველოს ენერგეტიკის სტრატეგია 2016-2025“, - თემაზე “ბიზნესკონტრაქტთან“ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე საუბრობს.

- ბატნო ირაკლი, გსმენიათ თუ არა იმ შენიშვნების შესახებ, რასაც ბოლო პერიოდში ენერგო ექსპერტები საკითხთან მიმართებაში აჟღერებენ?

- პირველ რიგში, ამ დოკუმენტის მნიშვნელობას გავუსვამ ხაზს, ვინაიდან მაღალი ინტერესია დოკუმენტის მიმართ, რომელიც პრაქტიკულად ბოლო 13 წლის განმავლობაში არ შექმნილა. იგი ენერგეტიკის სექტორში ქვეყნის სამომავლო ნაბიჯებს მკაფიოდ და ძალიან დეტალურად განსაზღვრავს. აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობას დაახლოებით 2 წელიწადი მოვანდომეთ. გუნდი, რომელიც მის შექმნაზე მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროს, მარეგულირებელი კომისიის და აგრეთვე დარგში მოღვაწე სხვა ენერგეტიკული კომპანიებისაგან შედგებოდა. დოკუმენტი საბოლოო არაა.

- ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება არის თუ არა გაწერილი მასში, მაგალითად, “ხუდონის“ თემასთან დაკავშირებით?

- ხუდონჰესთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ეს პროექტი აქტიურ ფაზაში არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარკვეული სამუშაოები და ღონისძიებები არ მიმდინარეობს იმისთვის, რომ ამ პროექტზე უკვე სამშენებლო სამუშაოების წარმოება დაიწყოს. ბოლო პერიოდში შენიშვნები გამოითქვა და ყველა მნიშვნელოვანი ასპექტის გათვალისწინება ხდება. ხუდონჰესს ჩვენც გამოვყოფთ, ვინაიდან ეს ყველაზე დიდი პროექტია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორში უნდა განვითარდეს. შესაბამისად, მის მიმართ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და ამიტომაც განსაკუთრებულად ვეკიდებით ამ პროექტის განხორციელებას.

- სტრატეგიაში გაწერილია, რომ იმპორტის წილი მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს, რამდენად შესაძლებელია ამის პრაქტიკაში განხორცილება?

- სტრატეგიის ძირითადი მიმართულება ნამდვილად ქვეყნის იმპორტირებულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შემცირებაა. ქვეყნის ენერგეტიკას ამის პოტენციალი მართლაც გააჩნია. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ტარდება ამისთვის ზომები შემიძლია მარტივად წლევანდელი მაგალითი მოგიყვანოთ და გითხრათ, რომ წელს დაახლოებით 410 მეგავატი შევა ექსპლოატაციაში. თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ ბოლო 30-35 წლის მანძილზე ასეთი წელი ენერგეტიკას არ ჰქონია, როდესაც ერთი წლის განმავლობაში, ერთდროულად 410 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები დასრულებულიყოს და ექსპლოატაციაში შესულიყოს.

- სატარიფო პოლიტიკის კუთხით რა ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ ინვესტორისთვის ჩვენი ბაზარი უფრო მიმზიდველი იყოს?

- ორი მნიშვნელოვანი მიმართულებაა: დერეგულირება და თავისუფალი ბაზარი. დერეგულირება ჩვენს სექტორში უკვე განხორციელებულია, დღეს ბაზარი, სადაც ვაჭრობა ხდება აბსოლუტურად კომერციულია და კერძო სექტორზეა აგებული. სახელმწიფო ელექტროენერგიით არ ვაჭრობს და ფასებსაც კერძო სექტორები განსაზღვრავენ. განსაკუთრებით სრული დერეგულირება ახლად აშენებულ ელექტროსადგურებს ეხება. მეორე ეტაპია, რომ ამის სრულფასოვანი დამკვიდრება, ჩამოყალიბება მოხდეს და ინვესტორისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს, - ეს არის ბაზრის გახსნა, თავისუფალი საბაზრო პირობების ჩამოყალიბება და ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების გათვალისწინება. ამ მიმართულებით უკვე ახალი ენერგეტიკული ბაზრის მოდელი მუშავდება, რომელიც ახალ, თანამედროვე გამოწვევებს უპასუხებს და უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს ინვესტორებს, რომ მათ ჩვენს ქვეყანაში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა განახორციელონ.

Subscribe to our news

Get the main news of the day