ყაზახეთის ეროვნული კომპანია KAZAKH INVEST-მა თბილისში ბიზნესფორუმი გამართა, რომელზეც 19-მდე ყაზახური კომპანია წარადგინა. ფორუმის შედეგად რამდენიმე კონტრაქტის გაფორმებაა დაგეგმილი.
"მიღწეულია შეთანხმება ყაზახური ნაყინის საქართველოსთვის მიწოდებაზე, საწყის ეტაპზე საუბარია თვეში 4 კონტეინერზე. ადგილობრივი წარმოების დაწყებისთვის ეს გარანტირებული შეკვეთა კარგი საფუძველია.
ამასთან ერთად, ქართული სუპერმარკეტები ბიოპაკეტების გამოყენებაზე გადადიან. შემდეგი წლიდან საქართველოში პოლიეთილენის პარკების იმპორტი და წარმოება იკრძალება, აქედან გამომდინარე ჩვენი მწარმოებლების მიერ შეთავაზებულმა პროდუქციამ საკმაოდ დიდი დაინეტერსება გამოიწვია სავაჭრო ცენტრების მხრიდან. მიწოდების მინიმალური მოცულობა 500 ათასი ერთეულია თვეში", - ნათქვამია KAZAKH INVEST-ის განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოში ექსპორტი ყაზახური კომპანიებისთვის ევროპელ მწარმოებლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს ხსნის.
"უკვე დაწყებულია სამუშაოები პროდუქციის სერტიფიცირებისთვის, რათა მომავალში მისი ევროკავშირში რეალიზაცია მოხდეს. ჩვენი მწარმოებლები მზად არიან, სერტიფიცირების ყველა ეტაპი გაიარონ იმისთვის, რომ ევროპულ ბაზარზე შევიდნენ. ყაზახური პროდუქცია საქართველოში გაიყიდება, რაც ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც ძირითადად ყაზახეთში ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს.