ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ყაზახეთში ქართული ღვინის ექსპორტი 26%-ით შემცირდა. "ბიზნესკონტრაქტმა" ღვინის ექსპორტის 9 თვის მონაცემების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა, სადაც წერია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყაზახეთში 907 133 ბოთლით ნაკლები ღვინო გაიყიდა.
როგორც ღვინის კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, შექმნილი მდგომარეობა ყაზახეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ გამოიწვია.
"თბილღვინოს" გენერალური დირექტორის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყაზახეთი მისი კომპანიის საექსპორტო ბაზრის ლიდერია, რამაც ამ ქვეყნიდან შემოსავლების შემცირება განაპირობა.
"ბოლო ერთი წლის მანძილზე ყაზახეთში ვალუტა სამჯერ გაუფასურდა, რაც ბაზარზე მომხმარებელთა ქცევაზეც აისახა. ზოგადად, კრიზისი 2014 წელს რუსეთიდან დაიწყო და შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზეც გავრცელდა. ზოგმა ქვეყანამ მარტივად გადალახა, ზოგგან კი ვითარება შედარებით გართულდა. მიუხედავად ამისა, ექსპორტი სხვა ქვეყნებში გაიზარდა, რამაც საერთო ჯამში, გაყიდვებიდან შემოსავლების 10%-იანი ზრდა განაპირობა“, - განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ალტერნატიული ბაზრის მოძიება, რომელიც ყაზახეთს სრულად ჩაანაცვლებს, რთულია, რადგან კომპანიის გაყიდვებში ამ ბაზარს პირველი ადგილი უკავია, ამიტომ "თბილღვინო“ ყაზახეთში ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ცდილობს.
ყაზახური ვალუტის კრიზისი „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ შემოსავლებზეც აისახა, რადგან მათთვის სიდიდით ეს მე-3 საექსპორტო ბაზარია. კომპანიის გენერალური დირექტორის ნუცა აბრამიშვილის ინფორმაციით, ამ ბაზარზე გაყიდვები დაახლოებით 20%-ით შემიცრდა.
"ახლა მიდის მოლაპარაკებები ფასებისა და მოცულობების გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენ ყაზახეთში ფასების დაახლოებით 5%-ით შემცირება მოგვიწევს, რადგან იქ არსებულ კრიზისს და ადგილობრივი იმპორტიორი კომპანიების მდგომარეობას ვითვალისწინებთ", - აღნიშნა ნუცა აბრამიშვილმა.
ცნობისთვის, ყაზახეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგში მე-4 ადგილზეა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი რუსეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებდა.
გარდა ამისა, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვეში, 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით ღვინის ექსპორტი აზერბაიჯანში (-53%), ლიტვაში (-20%), საფრანგეთსა (-20%0 და ნიდერლანდებში (-1%) შემცირდა.
საერთო ჯამში, 9 თვის მონაცემებით ღვინის ექსპორტი 12%-ით გაიზარდა და 74.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. განსაკუთრებული მატებაა ჩინეთის (154%), უკრაინისა (61%) და დიდი ბრიტანეთის (60%) ბაზრებზე.