"თი ბი სი" ბანკის გენერალური დირექტორი დედოლარიზაციას საბანკო სექტორის მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევს, თუმცა ვახტანგ ბუცხრიკიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ სტრუქტურის ფუნდამენტური ცვლილება რამდენიმე თვეში მოხდება. როგორც ის ამბობს, დოლარიზაციის მაჩვენებელი ყოველწლიურად შემცირდება და საქართველოში იდეალური განაწილება უკვე მომავალი 5-7 წლის განმავლობაში მიიღწევა.
"მთლიანი სესხების დაახლოებით 2/3 დღეს არის დოლარში. რა თქმა უნდა, ეს არ არის არც ბანკების და არც მსესხებლის სურვილი. სამწუხაროდ დეპოზიტების სტრუქტურა არის ის, რომ უმეტესობა ჩვენი დეპოზიტებისა არის უცხოურ ვალუტაში. არის რამდენიმე ინიციატივა, რაც მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს. ეს არის როგორც მთავრობის, ასევე ეროვნული ბანკის აქტიურობა ამ კუთხით. ჩვენ გვჯერა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს ინიციატივები შედეგს გამოიღებს. რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ რამდენიმე თვეში ფუნდამენტურად მოხდება სტრუქტურის ცვლილება. ჩვენ გვჯერა, რომ ყოველწლიურად დოლარიზაცია შემცირდება და საქართველოში იდეალური განაწილება უკვე მომავალი 5-7 წლის განმავლობაში მიიღწევა", - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.
"ბიზნესკონტრაქტის" კითხვაზე, ლარიზაციის წასახალისებლად ეროვნული ბანკის მიერ დოლარში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო ნორმის 15%-დან 20%-მდე გაზრდამ, გამოიწვია თუ არა სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა, ვახტანგ ბუცხრიკიძე ადასტურებს, რომ საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა.
"დოლარიზაციის შემცირების და ლარიზაციის გაზრდის კუთხით, მოხდა გაზრდა დოლარის დეპოზიტებზე, მაგრამ შესაბამისად მოხდა შემცირება ლარის დეპოზიტებზე. ამით ირიბად ეროვნულმა ბანკმა წაახალისა ქართული კომერციული ბანკები, რომ მათ სესხები გასცენ ლარში და ამან შესაბამისად გარკვეულ პერიოდში ირიბად გამოიწვია და მომავალშიც გაგრძელდება საპროცენტო განაკვეთების შემცირება ლარზე და ასევე დასტაბილურება დოლარზე", - განმარტავს ვახტანგ ბუცხრიკიძე.