ღვინის კომპანიების ნაწილი რთველის პროცესში ჯერ ჩართული არ არის და წინამოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს, ნაწილი კი მოსავალს ამ ეტაპზე საკუთარი ვენახებიდან იღებს.
როგორც მეწარმეებმა Businesscontact.ge-ს განუცხადეს, ისინი გლეხებისგან ყურძენს სექტემბრის შუა რიცხვებიდან შეიძენენ.
"გლეხებისგანაც ჩავიბარებთ ყურძენს, თუმცა რა მოცულობას, ამას წინასწარ ვერ გეტყვით. დაველოდებით, სექტემბრის შუა რიცხვებში რა ფასი იქნება და ამის მიხედვით გადავწყვეტთ. ვფიქრობ, რომ წელს ჭარბი მოსავალი იქნება და ამიტომ კომპანიებს შორის განსაკუთრებული კონკურენცია არ არის მოსალოდნელი", - განაცხადა „თბილღვინოს“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მარგველაშვილმა.
შესაძენი ყურძნის მოცულობა დაზუსტებული არც „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ აქვს, თუმცა კომპანიის გენერალური დირექტორის ნუცა აბრამიშვილის განმარტებით, წარმოების სრულად უზრუნველსაყოფად საჭირო ყურძნის 90%-ს საწარმო საკუთარი ვენახიდან მიიღებს, 10%-ს კი შეიძენს.
"ყურძნის შეძენაში სახელმწიფოს მიერ დარგისთვის გათვალისწინებული სუბსიდიაც გვეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში კარგი არ არის, ამ ეტაპზე გლეხისთვის სუბსიდია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა როგორც კი ღვინის გასაღების ბაზრების დივერსიფიცირება მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და ასევე, დსთ-ის ქვეყნებში გაყიდვები დასტაბილურდება, სახელმწიფოს დახმარება ყურძნის შესაძენად სავარაუდოდ, საჭირო აღარ იქნება და ეს თანხები სხვა პრიორიტეტულ სექტორებში დაიხარჯება", - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.
კომპანიაში "თელიანი ველი" კი ვარაუდობენ, რომ წელს გლეხებისგან დაახლოებით 2500 ტონა ყურძნის შეძენა მოუწევთ.
"ჯერ არც რთველი და არც ყურძნის შეძენა დაგვიწყია. ჩვენი მოხმარების 30-40%-ს საკუთარი ვენახებიდან ვაკმაყოფილებთ და დანარჩენი ყურძენი უნდა ვიყიდოთ", - განმარტა „თელიანი ველის“ გენერალურმა დირექტორმა შოთა ხობელიამ.
კომპანიები ერთი კილოგრამი შესაძენი ყურძნის ფასს ამ ეტაპზე არ აცხადებენ, თუმცა კახელი მევენახეების ინფორმაციით, ამ ეტაპზე რქაწითელი - 80 თეთრი, საფერავი კი 1 ლარი ღირს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემებით, 8000 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, მიმდინარე წელს კახეთში მოსალოდნელია 200 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი, საიდანაც წინასწარი პროგნოზით, 150 ათას ტონამდე ყურძნის სამრეწველო გადამუშავება მოხდება. რთველის პროცესში 100-მდე ღვინის კომპანია ჩაერთვება.
2016 წლის რთველის პროცესში ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებისთვის ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე გაიცემა სუბსიდია შემდეგი ოდენობით:
კახეთის რეგიონში
• 1 კგ. რქაწითელისათვის - 0,45 ლარი;
• 1 კგ. კახური მწვანისათვის - 0,45 ლარი;
• 1 კგ. საფერავისათვის - 0,20 ლარი;
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში:
• მუჯურეთული/ალექსანდროული - 2 ლარი
ჩაბარებული ყურძნის საფასურს ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს.
დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეეძლებათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.