რთველის პროცესი კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. 19 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 43,6 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. აქედან 21 ათასი ტონა რქაწითელი, 20 ათასი ტონა საფერავი, 1,8 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.
იქიდან გამომდინარე, რომ რთველი კახეთში აქტიურ ფაზაშია, კვლავ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი და 5 716 ტონას მიაღწია. კახეთში ამ ეტაპისთვის გახსნილი ღვინის ქარხნები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 5 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 37,6 მლნ-მდე ლარი მიიღეს.
გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 15,7 ათასი ტონა, ყვარელი - 10,6 ათასი ტონა, თელავი - 8,6 ათასი ტონა, სიღნაღი - 6,1 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,4 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 600 ტონა, საგარეჯო - 488 ტონა და ახმეტა - 292 ტონა.