"სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებაში 30 მილიონს ხარჯავს ყოველწლიურად, ამ დროს მეცხვარეობაში არასდროს არავის არაფერი დაუხარჯავს და ეტყობა კიდეც დარგს", - ამის შესახებ „ბიზნესკონტაქტს“ "მეცხვარეთა ასოციაციის“ ხელმძღვანლმა ბექა გონაშვილმა განუცხადა, რომელიც ასოციაციაში სულ რამდენიე კვირის წინ დაბრუნდა.
მისი თქმით, თავის დროზე ასოციაციიდან წასვლის გადაწყვეტილება ერთგვარ პროტესტს წარმოადგენდა "იმ უძრაობის მიმართ, რაც დარგში იყო". გონაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად ასოციაციის მხრიდან დაყენებული არაერთი მოთხოვნისა, ძირითად შემთხვევებში სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.
"შარშან ზუსტად ამ პერიოდში ჩავატარეთ აქცია და მოვითხოვეთ მთელი რიგი პრობლემების მოგვარება, რომელიც უნდა მოაგვაროს არა ერთმა, არამედ სხვადასხვა უწყებამ. ეს უწყებები ყოველთვის ახერხებდნენ ხელი გაეშვირათ სხვადასხვა ორგანიზაციებისა და უწყებებისკენ, პრობლემები კი არ გვარდებოდა",- აცხადებს გონაშვილი.
რაც შეეხება ასოციაციაში დაბრუნების გადაწყვეტილებას, გონაშვილის განცხადებით ეს თავად მეცხვარეების მოთხოვნით მოხდა, "რათა მეტად გაძლიერებულიყო ასოციაცია და კიდევ უფრო მწვავედ დაეყენებინა მათ წინაშე არსებული ისეთი პრობლემები, როგორებიცაა სომხური და რუსული ცხვრის ქართულ ცხვრად გასაღება და საქართველოდან მათი რეექსპორტი, ასევე გადასარეკი ტრასების არარსებობა, მაღალი ფასები სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში და ა.შ".
"მე დავბრუნდი იმ პირობით, რომ გავაძლიერებთ ასოციაციას ყველა მიმართულებით. უკვე ბევრი ახალგაზრდა გამოჩნდა ამ სფეროში და იმედი მაქვს, რომ სერიოზულ ძალად ვაქცევთ მეცხვარეთა ასოციაციას. თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ძლიერი ასოციაცია ვყოფილვართ ჩვენი შემართებით. მეცხვარეებმა მოითხოვეს, რომ ისევ დავიწყოთ საქმიანობა",- აცხადებს გონაშვილი. მისი თქმით, შეხვედრა, რომელიც დღეს ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან გაიმართა სწორედ ამის წინაპირობაა.
"შეხვედრები გაგრძელდება სამომავლოდაც. ჩვენ არ ვითხოვთ სუბსიდიებს, ვითხოვთ დარგის წახალისებას. მაგალითად ჩვენს სამიზნე ბაზრებზე იმართება უამრავი გამოფენა, სადაც მონაწილეობის მიღება გსურს. მაგალითად, თურქეთში შარშან მინდოდა წავსულიყავი და გამეყვანა ცხვარი, მაგრამ ძალიან დიდი რეგულაციები დამიწესეს. ასეთი რეგულაციები ადვილად მოიხსნება სახელმწიფოს ჩართულობით“,-ამბობს გონაშვილი.