Home
Category
TV Live Menu

ყველაზე ადრეული წარწერა საქართველოში დამწერლობის გამოყენების 3000 წლის ისტორიას ადასტურებს

57972a93c6e66
BM.GE
26.07.16 13:02
1202
26 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკა ანთიძესთან ერთად, გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი და ადგილზე მომუშავე ექსპედიცია მოინახულა.

კულტურის სამინისტროს ცნოით, 1 წლის წინ აღმოჩენილი გრაკლიანის უნიკალური წარწერა, ამერიკის, კერძოდ, მაიამის ბეტა ლაბორატორიამ ძვ.წ XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა, რამაც მნიშვნელოვნად შეიძლება შეცვალოს მსოფლიო დამწერლობის ისტორია. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტან ლიჩელის აზრით, დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 3000 წლის ისტორიას ცხადყოფს.

გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის დროს გამოვლინდა; კერძოდ, ავტობანის მშენებლობის დროს, აღმოჩნდა უმნიშვნელოვანესი ნასახლარი და უნიკალური ღუმელი. იქ მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები დააფინანსა საგზაო დეპარტამენტმა. ხოლო მისი კონსერვაცია და ობიექტის შემდგომი განვითარება უგულებელყოფილი იყო - ობიექტის დიდი ნაწილი გზის მშენებლობას შეეწირა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა საგენტომ 2014 წელს (თითქმის 8 წლის შემდეგ) ინტერესი გამოთქვა ამ ობიექტის საფუძვლიან შესწავლაზე, მის კონსერვაციასა და საერთაშორისო სტანდარტებით სამუზეუმო სივრცის მოწყობაზე. 2014 წელს დაიწყო მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოები. 2015 წელს კი, 2014 წელს გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტის კონსერვაცია განხორციელდა (მოეწყო გადახურვები) და გაგრძელდა არქეოლოგიური გათხრები. საიტზე აღდგა ერთ-ერთი ნაგებობა. აღმოჩნდა ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა. გრაკლიანის გორას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და საქართველოს მთავრობის მიერ განესაზღვრა ეროვნული კატეგორია.

2016 წელს გაგრძელდა მასშტაბური სამუშაოები. ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, დაიწყო სამუზეუმო სივრცის მშენებლობა. მუზეუმში წარმოდგენილი იქნება აქ აღმოჩენილი ყველა ის არტეფაქტი, რომელიც ამ ობიექტის უნიკალურობაზე მეტყველებს.

გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day