ცნობილი ფაქტია ის, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს სახელმწიფო პირველ რიგში მოსახლეობის ე.წ. ”დახმარებას” მიმართავს, ანუ ზრდის ან შემოაქვს ახალი გადასახადები. ეს პროცესი ხდებოდა მუდამ, თუმცა თუკი თავდაპირველად ვრცელდებოდა მხოლოდ მიწაზე, საქონელსა და მუშახელზე, დროთა განმავლობაში უკვე გაჩნდა იმდენად უცნაური, და სასაცილო გადასახადები, რომ „ყველაზე სულელური გადასახადების“ რეიტინგიც კი შეადგინეს.
ასე, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ტელევიზორებზე გადასახადი სატელევიზიო ლიცენზიის მიხედვით ეკისრებათ, თუმცა, უსინათლოები გადასახადის მხოლოდ ნახევარს იხდიან. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ კი, გადაწყვიტა, ეზრუნა საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ანუ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული ჯანდაცვის რეფორმების ერთ-ერთი ელემენტი გახლდათ, გადასახადი რუჯზე, ანუ დღესდღეობით, ნებისმიერი ამერიკელი, ვისაც სოლარიუმში გარუჯვა სურს, დამატებით, მომსახურების ღირებულების 10%-ს იხდის. ასევე უცნაურია წვერის გადასახადიც, რომელიც შედარებით შორეულ წარსულში მოქმედებდა რუსეთში და გულისხმობდა, რომ გლეხს შეეძლო ეტარებინა წვერი უფასოდ მხოლოდ სოფელში, მაგრამ ქალაქში ჩამოსვლისთანავე უნდა გადაეხადათ სპეციალურად დაწესებული თანხის ოდენობა. უჩვეულო რეფორმა კი პეტრე პირველის თქმით იმ მიზნით გატარდა, რომ ქვეყანა ევროპულ სტანდარტზე გადასულიყო. რაც შეეხება უნგრეთს, აქ 2011 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა „ჩიფსების გადასახადი“ , რომელიც მოქალაქეებს ეკისრება ჩიფსების, ორცხობილების, შეფუთული ნამცხვრებისა და ენერგეტიკული სასმელების მოხმარებისთვის. ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ, გადაწყვიტა საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
ბეგარა, რომელიც იბიცაზე, მაიორკაზე, მენორკაზე და კიდევ რამდენიმე კუნძულზე არსებობს - სპეციალურად ტურისტებისთვის არის შექმნილი „მზის გადასახადის“ სახელით . ეს ბეგარა 2000-იანი წლების დასაწყისში შევიდა ძალაში და შედეგად, ყველა ტურისტი, რომელიც ჩადის არქიპელაგზე ვალდებულია ყოველ გატარებულ დღეზე გადაიხადოს ერთი ევრო. შეგროვებული სახსრები სანაპირო ზოლის დასუფთავებაზე მიდის. ასევე ეკოლოგიური ბალანსის აღდგენასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. ანუ უნდა ითქვას, რომ გარდა სულელურისა არსებული გადასახადი ქვეყნისთვის საკმაოდ მომგებიანიც არის, რადგან ხაზინა სოლიდური თანხებით ივსება.
ასევე უცნაური, თუმცა სასარგებლო გადასახადია ჩინეთშიც, რომელიც გულისხმობს 5 პროცენტის გადახდას საჭმელის ჩხირების გამოყენებისათვის. უფრო დეტალურად კი, რეფორმა გატარდა იმის გათვალისწინებით, რომ სტატისტიკის თანახმად ყოველ წელს ქვეყანაში გამოიყენება 45 მილიარდი წყვილი ერთჯერადი ჩხირები, რომელთა დასამზადებლადაც 25 მილიონი ხე იჭრება. შედეგად იმის გაცნობიერების შემდეგ, რომ 10 წლის შემდეგ ჩინეთი შესაძლოა დარჩეს ტყეების გარეშე, მთავრობამ ამ სახის გადასახადი შემოიღო.