Home
Category
TV Live Menu

ზაალ იაკობიძე: ყველა დატერორებული კომპანია სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება

57ac703e78d7c
BM.GE
11.08.16 16:23
1719
წინა ხელისუფლების დროს წართმეული ბიზნესი და კიდევ ერთი საქმე კეზერაშვილის ყოფილი კომპანიების წინააღმდეგ - 12 აგვისტოს გახმაურებული საქმის სასამართლო პროცესის კიდევ ერთი სხდომა გაიმართება.

"სენტა პეტროლეუმის" დამფუძნებელი და დირექტორი, ზაალ იაკობიძე აცხადებს, რომ საქმის გაჭიანურება გარკვეულ კითხვებს ბადებს, თუმცა მას საქმის მოგების მოლოდინი აქვს.

თემის დეტალებზე “ბიზნესკონტრაქტთან“ "სენტა პეტროლეუმის" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე საუბრობს.

- ბატონო ზაალ, როგორია თქვენი მოლოდინები ხვალინდელ სასამართლოსთან დაკავშირებით?

- ყველა უკანონოდ დასჯილი ადამიანი თუ დატერორებული კომპანია სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება, რომ სამართალი აღდგება და იზეიმებს. ეს იმედი და მოლოდინი არსებობს. ხვალ მნიშვნელოვანი დღეა არა მარტო ჩვენთვის, არამედ ასევე ვფიქრობ, იმ ასეულობით ადამიანისთვის, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს უკანონობის მსხვერპლი გახდა.

ვფიქრობ, რომ პრეცენდენტის კუთხით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მასშტაბის საქმეში გამამართლებელი განაჩენი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და საქართველოს ყველა მოქალაქისათვის ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.

- მიმდინარე სასამართლო პროცესები აფერხებს თუ არა თქვენი კომპანიის სამომავლო გეგმებს?

- ჩვენი გეგმები ისევ ძალაშია. უპირველესი ამ საქმეში ის არის, რომ ჩვენ უკანონოდ წართმეული ქონება დავიბრუნოთ, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ბიზნესსაქმიანობა არ შეგვიწყვეტია, ვაგრძელებთ მუშაობას და შესაბამისად რაღაც მიღწევები გადაწყვეტილების მიღებამდეც გვაქვს. აქტიურად ვართ გაყიდვებში ჩართული, ასევე ავტოგასამართი სადგურების მხრივაც ნელ-ნელა წინ მივიწევთ. ჩვენ უკვე ავტოგასამართი სადგურები გვაქვს თბილისში, ბათუმში, ასევე იჯარით გვაქვს აღებული კასპსა და ქუთაისში.

- სატარიფო პოლიტიკა, ფასები როგორია და როგორი იქნება მომავალში?

- ძალიან დადებითი მომენტია, რომ ნავთობპროდუქტების სფეროში ფასწარმოქმნაც და ზოგადად კონკურენციის საკითხი საკმაოდ მწვავე და მძაფრია, რაც საბოლოო ჯამში ბუნებრივია, დადებითად აისახება მომხმარებელზე. განსაკუთრებით ეს საბითუმო ბაზარზე იგრძნობა, რადგანაც ნებისმიერი გამოხატულება თუ ცვლილება ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით მყისიერად აისახება პროდუქციის ფასზე. შესაბამისად, ამის შედეგად მომხმარებელი მოგებული რჩება. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ასეც უნდა იყოს. დღეს არის ჯანსაღი კონკურენცია, რომელიც თავდაპირველად საბითუმო ბაზარზე აისახა და ასევე ამის ასახვა უკვე საცალო ბაზარზეც ხდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day