Home
Category
TV Live Menu

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ენერგეტიკის სამინისტრო "სოკართან" ინტენსიური მუშაობის ეტაპზე გადავიდა

582b02b96ffa6
BM.GE
15.11.16 16:39
950
ზამთრის მოახლოებასთან ერთად ენერგეტიკის სამინისტრო "სოკართან" ინტენსიური მუშაობის ეტაპზე გადავიდა. როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, ბუნებრივი გაზის საჭირო მოცულობების მიღების პრობლემა გასული ზამთრისგან განსხვავებით, მიმდინარე პერიოდში არ იქნება.

ჩვენი დღიური მოხმარება დაახლოებით 8.5 მლნ კუბურ მეტრზეა ასული და ველოდებით, რომ 12 მლნ-ს მივაღწევთ. იმ ხელშეკრულების თანახმად, რომელიც „სოკართან“ თებერვალში გავაფორმეთ, მათ ვალდებულება აიღეს, რომ გარკვეული მოცულობები დაემატება. ჯამურად 500 მილიონ კუბურ მეტრზეა საუბარი. ეს საკმაოდ დიდი ნახტომია და ამხელა სხვაობა არ გვექნება, რადგან ბუნებრივი აირის მოხმარება ეკონომიკის ზრდას პროპორციულად მიყვება. გარდა ამისა, თბოსადგურებზე დაზოგვა გვაქვს, რადგან გარდაბნის მაღალტექნოლოგიურმა თბოსადგურმა დიდი ეკონომია მოგვცა - იგივე გაზით, ფაქტიურად 40%-ით მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი“, - განმარტა ვალიშვილმა.

რაც შეეხება ბუნებრივი გაზის მოხმარებას, როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად, წელს ცივი ზამთარი იქნება და მოხმარება კიდევ უფრო გაიზრდება. ამ ფონზე ენერგეტიკის სამინისტრო შაჰდენიზის მილსადენიდან გაზის დამატებით მოცულობებს ელოდება.

„ეს მოლაპარაკებები დასრულებულია, უბრალოდ ფორმალურად გაფორმებაა საჭირო და დაახლოებით, 50%-ით გაიზრდება მოწოდება შაჰდენიზის მილსადენიდან, რომ ფიზიკური მოწოდების პრობლემა არ შეიქმნას", - განუცხადა მარიამ ვალიშვილმა "ბიზნესკონტრაქტს“.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ბოლოს "გაზპრომ ექსპორტსა" და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა იწყურება, შესაბამისად მხარეებს 2017 წელს თანამშრომლობის პირობებზე მოლაპარაკება მოუწევთ.

"რასაკვირველია იმავე პოზიციაზე ვართ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პრეფერენცია არის ის, რომ ის სარგებელი რასაც ვიღებთ, უცვლელი დარჩეს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რუსული გაზი, გარდა იმისა, რომ სომხეთში გატარებული ტრანზიტის სანაცვლოდ, მთლიანი მოცულობის 10%-ის ოდენობით საქართველოს რჩება, ჩვენი ქვეყნისთვის გადაზღვევის მექანიზმადაც განიხილება.

"ავარიული სიტუაციების შემთხვევაში გადაზღვევის საშუალებები არის - იგივე რუსული გაზი, ან ელექტროენერგიით ჩანაცვლება", - განმარტავს ვალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზამთარს რუსული ენერგოკომპანია ქართულ მხარეს სომხეთში გატარებული ტრანზიტის საფასურად, ბუნებრივი აირის ნატურით მიღების ნაცვლად ფულად ანაზღაურებას სთავაზობდა, რასაც საქართველოს მთავრობა არ დათანხმდა და მიმდინარე წლის აპრილში, მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება ძველი პირობებით გაფორმდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day