შპს "გოდერძი რიზორტს“ ზურა ჭურკვეიძე უხელმძღვანელებს. ახალი დირექტორი თანამშრომლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარუდგინა. "ჩვენ გვჭირდება 4 სეზონიანი მთის კურორტები და ეს მიზანი უახლოეს მომავალში განხორციელდება“- ამ სიტყვებით რამაზ ბოლქვაძემ კურორტის ადმინისტრაციის შენობაში შეკრებილ თანამშრომლებს მიმართა.
"აჭარის მთის კურორტების განვითარება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მხრივ „გოდერძს“ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. კურორტმა ფუნქციონირება 2014 წელს დაიწყო და დღეს ის ერთ-ერთ საინტერესო ზამთრის კურორტად ითვლება მთელს საქართველოში. მინდა პირველ რიგში გაწეული საქმიანობისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჯემალ ბოლქვაძეს, რომლის დაუღალავი მუშაობის შედეგად არაერთი სასიკეთო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. წარმატებებს ვუსურვებ ჯემალ ბოლქვაძეს. ის აუცილებლად გააგრძელებს ჩვენს გუნდში საქმიანობას. ზურა ჭურკვეიძე სამინისტროს ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელია. ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, 13 წელია უწყების ქონების მართვისა და პრივატიზების მიმართულებას ძალიან ეფექტურად ხელმძღვანელობდა და დღეს უკვე რეგიონისთვის ასევე პრიორიტეტულ დარგს აჭარის მაღალმთიანეთის განვითარების საქმეს ჩაიბარებს. კურორტის ტერიტორიის საინვესტიციოდ ათვისების აქტიური ეტაპი სწორედ ეხლა იწყება და ქონების მართვისა და პრივატიზების კუთხით ახალი ხელმძღვანელის გამოცდილება უმნიშვნელოვანესია. ვუსურვებ წარმატებებს ზურას და მჯერა მისი მუშაობის პერიოდში კურორტი განვითარების ახალ ეტაპზე გადავა“-განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ახალ დირექტორთან ერთად კურორტში ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესებზე, დაგეგმილ სიახლეებზე და კურორტის ზოგადად განვითარების გეგმებზე ისაუბრა.
"აჭარის მთის კურორტებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ჩემს გამოცდილებას გამოვიყენებ, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ რესურსის ათვისება. კურორტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. გოდერძისადმი ინტერესი,როგორც ტურისტული ასევე საინვესტიციო მიმართულებით საკმაოდ მაღალია. უკვე არსებობს კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმა,განსაზღვრულია საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთები, რაც ნიშნავს იმას,რომ აქ მალე არაერთი ახალი მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყება. დაგეგმილია კურორტის რებრენდინგი,კურორტს ახალი სათხილამურო ტრასები დაემატება", - განაცხადა ზურა ჭურკვეიძემ.