რუსეთი შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან გასაფაორმებელი კონტრაქტის დეტალების ისევ აზუსტებს. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
„ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, საშინაო დავალება პირნათლად შევასრულეთ. ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულზე დასრულდა მუშაობა იმ კონტრაქტზე, რომელიც საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანიას შორის უნდა გაფორმდეს. ახლა რუსეთმა უნდა დაასრულოს ამ კონტრაქტზე მუშაობა. კვლავ შეუთანხმებელი რამდენიმე საკითხი“, - განაცხადა აბაშიძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელია ეს საკითხები.
„ჩვენი შვეიცარიელი კოლეგები ცდილობენ ამ საკითხების მოგვარებას რუსეთის მხარესთან და გვთხვეს, გვაცალეთ, ამ სამუშაოს ჩავატარებთ და ჩაგაყენებთ საქმის კურსშიო. ასე რომ ველით შვეიცარიელებისგან და ასევე რუსეთისგან იმ კითხვებზე პასუხს, რაც დარჩენილია ამ კონტრაქტთან დაკავშირებით“, - განმარტა აბაშიძემ.
რა ვადებში დასრულდება შეუთანხმებელ საკითხებზე მუშაობა, ზურაბ აბაშიძემ არ იცის.
„ჩვენ ჯერ არ გვინდა ისეთი დასკვნა გამოვიტანოთ, რომ რუსები ამას ხელოვნურად აჯანჯლებენ. ვაცადოთ ჩვენს შვეიცარიელ კოლეგებს“, - აღნიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 9 ნოემბერს ჟენევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებმა დოკუმენტების პაკეტს მოაწერეს ხელი. პირველი საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ ორმხრივი შეთანხმებაა, მეორე - ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური მესამე მხარის როლს განამტკიცებს, მესამე - სამივე მხარემ (საქართველო, რუსეთი და შვეიცარია) გაცვალეს დოკუმენტები იმ საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური კერძო კომპანიის მოქმედების პირობების განსაზღვრის მიზნით, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების მანდატს შვეიცარიის მთავრობა მიანიჭებდა.
საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (EDES) და საერთშორისო ზედამხედველობის (IMS) სისტემას მოიცავს. ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით ნეიტრალური კერძო კომპანია ტვირთის სავაჭრო დერეფნებში შესვლამდე რისკის მართვის უზრუნველყოფის მიზნით სასაქონლო დეკლარაციებიდან და ტვირთებზე წინასწარი ინფორმაციიდან შესაბამის მონაცემებს მოიპოვებს. ხელშემკვრელი მხარეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი ყველა საქონლის შესახებ შემდეგ მონაცემთა ერთობლიობას წარუდგენენ. ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემაში ინფორმაცია ეროვნული საბაჟო სისტემის მიერ მისი დადასტურების შემდეგ იქნება შეტანილი. EDES-ის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება შვეიცარიის მიერ დაქირავებული ნეიტრალური კერძო კომპანიისთვის.
ტვირთბრუნვის მონიტორინგის მიზნით შერჩეულ იქნა შვეიცარიული კომპანია SGS, რომელთანაც როგორც საქართველომ, ისე რუსეთმა ორმხრივი კონტრაქტები უნდა გააფორმონ. კომპანიამ მონიტორინგი უნდა განახორციელოს წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფნებში, რომლებიც 2011 წლის შეთანხმებაში გეოგრაფიული კოორდინატებით არის გასაზღვრული. კოორდინატთა ბადეში რუსეთ-საქართველოს საზღვრის კვეთის სამი წერტილი - ფსოუ, როკი და ლარსი ექცევა. ვაჭრობის ადმინისტრირება და კონტროლი საბაჟო ტერმინალებში განხორციელდება, რომლებიც სავაჭრო დერეფნების გამოსასვლეში/შესასვლელში მდებარეობს.