19.Dec .2017 18:37

ღვინო ბაკურციხედან

views 969
Back

ვაზისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა და სოფლის მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ გურიის სოფელ ბუკისციხის მაცხოვრებლები გააერთიანა და შეიქმნა კოოპერატიული გაერთიანება ბუკისციხე.

“სამი წელია რაც იდეა დაგვებადა. გვაინტერესებდა რა შეიძლება გაკეთებულიყო ჩვენი სოფლისათვის ან რითი შეიძლება დავხმარებოდით სოფელს, რაც კომერციულადაც გამართლებული და მომგებიანი იქნებოდა. თუ კომერციული სახე არ იქნებოდა მთავარი მაინც ის იყო სოფელს ჩვენი აქტიურობა დატყობოდა.”- ამბობს კოოპერატივის წევრი აკაკი სიხარულიძე.

კოოპერატივმა საქმიანობა დაახლოებით სამი წლის ევროკავშირის პროექტ ENPARD-ის ფარგლებში დაიწყო. შეიქმნა კოოპერატივი, რომელიც ცდილობს ვაზის ისეთი ჯიშების გაშენებას, რომლებიც ამ დროისთვის არ არის სათანადოდ ცნობილი, თუმცა როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, მას განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს.

“შევიკრიბეთ 7 ადამიანი. თანამოაზრეები აღმოვჩნდით და დავაფუძნეთ კოოპერატივი. კოოპერატივს ჰყავს თავისი თავჯდომარე, რომელიც არის წესდებით გაწერილი, საკონონმდებლო ბაზა არსებობს, რომელიც ავითვისეთ, გავეცანით და მოვედით დღემდე”-აცხადებს აკაკი სიხარულიძე.

ENPARD-ის პროექტის გრანტის მეშვეობით კოოპერატივმა სხვადასხვა მანქანა დანადგარები შეიძინა, რამაც კოოპერატიული გაერთიანების წევრებს საშუალება მისცა ღვინის ტრადიციულ მეთოდთან ერთად წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიებიც დაენერგა. როგორც კოოპერატივის წევრები გვეუბნებიან დეკემბერში სოფელ ბუკისციხეს უკვე საკუთარი ღვინის ქარხანაც ექნება, რაც წარმოების მოცულობას კიდევ უფრო გაზრდის.

“თანხა ENPARD-მა და CARE-მა გადმოგვირიცხა 66000 ათასი ლარის ოდენობით. ქვევრებისთვის, ყუთებისთვის და კიდევ მრავალი ინვენტარისთვის, რაც ყურძნის დაწურვისთვის არის საჭირო, დამატებით 9000 ლარი ანუ მთლიანობაში 75000 ლარი. ჩვენი თანამონაწილეობა იყო 20%. ამ თანხით შევიძინეთ ცისტერნები და ღვინის ჩამომსხმელი. ასევე უკვე სამი თვეა ვაშენებთ ღვინის ქარხანასაც, რომელიც დეკემბერში ვფიქრობ დასრულდება”-განგვიმარტავს კოოპერატივის ერთ-ერთი წევრი კოტე სიხარულიძე.