ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში მეფუტკრეობის დარგის განვითარების მიზნით, 2 წლის წინ კოოპერატიული გაერთიანება მთის ნობათი ჩამოყალიბდა. კოოპერატივში ერთდროულად საქართველოს ორი რეგიონი ლეჩხუმი და ლენტეხი გაერთიანდა.
"გვყავს 15 ოჯახი, ამ ოჯახებს ვუვლით ძალიან კარგად და ვამთაბარებთ. მომთაბარეობა არის აუცილებელი. მიგვყავს იმერეთის ზონაში, იმერეთის ზონიდან ამოვდივართ ლეჩხუმში და შემდეგ აგვყავს მთაში. მომთაბარეობა არის ძალიან შედეგიანი. წელს ერთი ოჯახიდან დაახლოებით 30 კილოგრამი თაფლი მივიღე. ამოვიღე როგორც აკაციის ისე წაბლისა და ცაცხვის თაფლი", - ამბობს კოოპერატივ მთის ნობათის თავჯდომარე თენგიზ ჩიქოვანი.
მთის ნობათი იმ კოოპერატივების სიაშია, რომელმაც ევროკავშირისა და care international-ის ერთობლივი პროექტის, ENPARD-ის დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსება კოოპერატივს დაეხმარა საქმიანობის განვითარებაში. აღნიშნული თანხებით ადგილობრივებმა შეიძინეს ფუტკრის ახალი ოჯახები და ის ინვეტარი, რომელიც მათი მეურნეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"ჩვენს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს საერთაშორისო ორგანიზაცია care, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ამ კოოპერატივის განვითარებაში. გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ჩვენმა კოოპერატივმა მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა და დაფინანსდა დაბრუნებადი გრანტით. მიღებული გრანტით შევიძინეთ სატრანსპორტო საშუალება, რითაც ფუტკარს ვამთაბარებთ", - ამბობს კოოპერატივ მთის ნობათის წევრი
ბონდო ხეცურიანი.
მთის ნობათის წევრები ჩვენთან საუბრისას გამოყოფენ იმ სირთულეებს, რომელიც კოოპერატივის შექმნამდე ჰქონდათ და აღნიშნავენ, რომ დაბრუნებადი გრანტის სისტემის დახმარებით, რომელიც ევროკავშირმა ENPARD-ის საშუალებით მათ გადასცა, მრავალი დაბრკოლება გადაილახა.
მთის ნობათში განგვიმარტავენ, რომ მოთხოვნა თაფლზე დღითი დღე იზრდება, რაზეც შემოსავლის ზრდაც მეტყველებს. ამასთან, კოოპერატივმა უკვე დაიწყო გრანტის რეგულარული დაბრუნებაც. მეფუტკრეთა გაერთიანება მთის ნობათი ორ ძირითად პროდუქტზე - სვანურ თაფლსა და ალპურ ნექტარზე მუშაობს. კოოპერატივის წევრები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ ბაზარზე მიწოდება და მოთხოვნა კიდევ უფრო დაბალანსებული იქნება, რათა ის შესაძლებლობები, რომელიც ევროკავშირმა და care international-მა ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მათ შესთავაზა, სრულად იყოს გამოყენებული და რეალიზებული.
See all the news
All