24.Nov .2017 13:26

"სავანეთის" წარმატება

views 1558
Back

კვერცხის ფერმა "სავანეთი" 1999 წელს დაარსდა, თუმცა, ბაზარზე აქტიურად პოზიციონირება 2012 წელს დაიწყო. ბრენდის გააქტიურება მფლობელების ცვლილებას და რებრენდინგს უკავშირდება. სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში საწარმოს რეორგანიზაცია ჩაუტარდა და ახალი დანადგარები შეიძინა.

როგორც მენეჯმენტის, ისე დანადგარების ცვლილების შედეგად, „სავანეთმა“ ხარისხის ახალ საფეხურზე აიწია. ფერმის მიერ წარმოებული ქართული კვერცხი წელიწადში რამდენჯერმე სხვადასხვა დამოუკიდებელი ევროპული ორგანიზაციების მიერ კონტროლდება და ხარისხის ნიშანი ენიჭება. კომპანია ISO სერთიფიკატის მფლობელია.
კომპანია "სავანეთი" დღეს ორ მეგობარს ვეფხვია ჯაჭვაძესა და შოთა მუზაშვილს ეკუთვნით. სოფლის მეურნეობაში ინვესტირება "სავანეთამდე" დაიწყეს, როდესაც ქათმის ხორცის მცირე საწარმო შექმნეს.

"პატარა საწარმო გვქონდა, მის გაფართოებას ვაპირებდით, როდესაც "სავანეთის" მფლობელებისგან კვერცხის წარმოების შემოთავაზება მივიღეთ. ზოგადად, წარმოება ყოველთვის უფრო მეტად გვაინტერესებდა, ვიდრე უბრალოდ ყიდვა-გაყიდვა",- აცხადებს ვეფხვია ჯაჭვაძე.

ამჟამად კომპანია ყოველთვიურად 5 მილიონ კვერცხს აწარმოებს და ბაზრის 15%-20% უჭირავს. ბოლნისის რაიონის სოფელი სავანეთში მფებარე ფერმაში 100 ადამიანია დასაქმებული.

პირველი ექსპორტი 2015 წელს ერაყში განახორციელეს. როგორც ვეფხვია ჯაჭვაძე ამბობს, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, თუმცა, მათ დასაკმაყოფილებლად კომპანიამ ან ადგილობრივ ბაზარზე უნდა თქვას უარი, ან უნდა გაფართოვდეს. „სავანეთის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ერთი თანამედროვე საფრინველის გაკეთებას, 500 ათას ევრომდე სჭირდება.

"სავანეთი" ერთადერთია ქართულ ბაზარზე, რომელიც ბრენდირებულ ფერად კვერცხს აწარმოებს. ვეფხვია ჯაჭვაძე გვიხსნის, რომ სოფლის კვერცხთან მიახლოებული პროდუქტის საწარმოებლად სპეციალური ჯიშის ქათამი შეიძინეს.

კომპანიამ პროდუქტის ეკოლოგიური შესაფუთების - მუყაოს ქაღალდის - გამოშვებაც დაიწყო და მომხმარებელს ქათმის კვერცხის ახლებური სათავსო შესთავაზა. ბაზარზე უკვე გამოჩნდა კვერცხის 6-ცალიანი ჩასადები და მომავალში კომპანია 10- და 15-ცალიანი კვერცხის ეკოლოგიურ შესაფუთზე გადაყვანას გააგრძელებს.

ამჟამად "სავანეთი" "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" "ბიზნესდაჯილდოების" ფინალისტია. დაჯილდოებაში მონაწილეობა კომპანიამ ცნობადობის ამაღლებისა და საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენისთვის გადაწყვიტა. ვეფხვია ჯაჭვაძე ამბობს, რომ როდესაც კონკურსში იღებ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, გამარჯვების იმედიც გაქვს, თუმცა, საკუთარ კომპანიაზე ბევრ საუბარი არ მოსწონს და ამბობს, რომ მათი წარმატება სხვებმა უნდა შეაფასონ. 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მომავალი წლიდან „სავანეთს“ ქათმის ხორცის წარმოების განახლება და ბაზრისთვის სრულიად ახალი, მაღალხარისხიანი პროდუქციის შეთავაზება სურს.