22.Dec .2017 17:00

საქართველო Euronews-ზე

views 1467
Back

Euronews საქართველოში ტურიზმის "ბუმზე" წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ცხელი გაზაფხული, კულტურული ღირსშესანიშნაობები და ადგილობრივი ღვინო ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს.

ავტორი თბილისითა და ცნობილი ჭრელი აბანოებით იწყებს და მოგზაურობას კახეთში აგრძელებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ "ჭრელი აბანოები", სადაც ცხელი წყალი მიწიდან ამოდის, ცნობილი ავტორის ალექსანდრე დიუმას საყვარელი ადგილი იყო.

Euronews ადგილზე რუს ტურისტებს იულიანასა და ვალენტინას ხვდება.

"ეს ყველაფერი ენერგიას მაძლევს. საქართველოში ვიზიტს ყოველ ჯერზე სწორედ ამ ადგილიდან ვიწყებ - თავიდან აბანო, შემდეგ საკვები და ვტოვებთ აქაურობას",- ამბობს იულიანა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოში ვიზიტორების რიცხვი 7 მილიონს აღწევს, რაც ქვეყნის მოსახლეობას ორჯერ აჭარბებს.

"ჩვენი ქვეყანა ოთხსეზონიანი მიმართულებაა, დაწყებული ზამთრის კურორტებიდან, სადაც ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო სასრიალო ტრასა გვაქვს ევროპაში, ეს ყველაფერი გრძელდება ზაფხულის კურორტებით, როდესაც შავ ზღვაში ცურვაა შესაძლებელი და სრულდება შემოდგომაზე, როდესაც შეგიძლიათ კახეთში ყურძნის მოსავლის აღებით გაერთოთ",- ამბობს Euronews-თან ინტერვიუში საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი.

სტატია კახეთში ვიზიტით გრძელდება, სადაც "ევრონიუსის" ჟურნალისტი მეღვინეს სტუმრობს, რომელიც საქართველოში გერმანიიდან გადმოსახლდა.

„მისი პარტნიორი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილობრივი მეღვინეა. ორივე დარწმუნებულები არიან, რომ ქართული ღვინო საგანძურია, რომელიც უნდა აღმოაჩინო.
პლანეტაზე პირველი ღვინო სწორედ აქ, ქვევრშია აღმოჩენილი, რომელიც ღვინის დასაყენებელი სპეციალური ჭურჭელია. ღვინის დაყენების ეს მეთოდი უძველესია და მას დღესაც აქტიურად იყენებენ საქართველოში',- წერია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ მეღვინეობა "ხარებას" გვირაბი 7 კილომეტრის სიგრძისაა და ადგილზე ათასობით სხვადასხვა სახის ღვინო ინახება. ავტორი წერს, რომ ეს ადგილი ღვინის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს.

"ღვინო მართლაც ძალიან კარგია და როგორც ვიცი, ამჟამად მსოფლიოში აღიარებულიც. საქართველო, რა თქმა უნდა, ღვინის ცივილიზაციის აკვანია“,- აცხადებს არქიმანდრიტი მაქსიმოსი ნიუ-იორკიდან.

Euronews წერს, რომ რუსმა ტურისტებმა იულიანამ და ვალენტინამ კიდევ ერთი ქართული საგანძური - საკვები აღმოაჩინეს.

"ახლა ისინი "ტაბლაში" იმყოფებიან და სწავლობენ, როგორ უნდა მოამზადონ აჭარული ხაჭაპური. ტურისტები მოხიბლული არიან ქვეყნის ცნობილი სტუმარ-მასპინძლობით. ქართველებს სჯერათ, რომ სტუმარი ღმერთისგანაა",- წერია სტატიაში.