Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Dika კოტრდება - კომპანიას 2 568 461 ლარის დავალიანება აქვს

59ef44c778bbc
BM.GE
24.10.17 17:43
856
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მიმართა შპს „დიკას“ წარმომადგენელმა გიორგი გვენეტაძემ, რომელმაც მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და გაკოტრება.

განმცხადებლის განმარტებით, შპს „დიკას“ საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადენდა პროდუქციის (მზა ტანსაცმლის) იმპორტი და მისი რეალიზაცია იჯარით აღებულ სავაჭრო ფართში.

სასამართლო განცხადებაში ნათქვამია, რომ რამდენიმე წელია კომპანიაში შექმნილია კრიზისული ვითარება, რაც გამოწვეულია ვაჭრობის მკვეთრი შემცირებით და 2014-2017 წლებში ეროვნული ვალუტის დევალვაციით. პროდუქციის ძირითადი მომწოდებელი კომპანიის „Dika Stayle ltd /FACTORY OF CLOTHES CHAIN OF STORES“-ის მიმართ დროთა განმავლობაში დაგროვდა დავალიანება, რომლის გადახდა კომპანიას არ შეუძლია გადახდისუუნარობის გამო. შპს ,,დიკას'' არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არის ერთი, რომლის მიმართაც 2017 წლის 5 ოქტომბრის მდგომარებით ვადამოსული დავალიანება შეადგენს 2 568 461.88 ლარს.

სასამართლო განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ვინაიდან შეუძლებელია აღნიშნული დავალიანების დაფარვა და მთლიანობაში საქმიანობის გაგრძელება, შპს „დიკამ“ მიმდინარე წლის სექტემბრიდან ფაქტობრივად შეწყვიტა საქმიანობა. რეგისტრაციიდან მოხსნა ყველა საკონტროლო სალარო-აპარატი, შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულებები თანამშრომლებთან, დახურა ყველა საბანკო ანგარიში, ამის შემდეგ კი მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შესახებ. მას შეწყვეტილი აქვს ყოველგვარი ეკონომიკური საქმიანობა.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „დიკას“ უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. ამავე კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამდენად, უდავოა, რომ კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას“, - ნათქვამია განცხადებაში.