Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

" ათასობითაა დაურეგისტრირებელი საოჯახო მარანი, იმედია, ეს თანდათან აისახება ოფიციალურ მონაცემებში"

59d10c044ba56
BM.GE
01.10.17 19:36
710
„ქართული ღვინის კვირეულის“ ფარგლებში თბილისის N1 ღვინის ქარხანაში, ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2017“ გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი 40-მდე ღვინის მარნის 200-მდე დასახელების ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა დღეს ათასობით სტუმარს შეეძლო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ 2016 წელს პირველად ჩატარდა და საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია, რაზეც როგორც წლევანდელი მონაწილე მარნების, ისე სტუმრების გაზრდილი რაოდენობა მიუთითებდა. ღვინის ფესტივალში მონაწილეობას ცნობილი და ახალი მცირე მარნები იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრებოდნენ მეღვინეებს, მიეღოთ მარნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, შეეძინათ ღვინოები. ფესტივალს ღვინის მწერალი და ღვინის კლუბის დამფუძნებელი, მალხაზ ხარბედია უძღვებოდა.

ფესტივალის მონაწილეებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი მიესალმა.

“საბედნიეროდ, საქართველოში დადებითი ტენდენციაა, რომ მცირე და საშუალო ღვინის მარნები ვითარდება. დღეის მდგომარეობით, საქართველოში ოფიციალურად 700-მდე ღვინის მწარმოებელია და ძალიან ბევრი, ათასობითაა დაურეგისტრირებელი საოჯახო მარანი. იმედია, ეს თანდათან აისახება ოფიციალურ მონაცემებში და გვექნება ათასობით მარანი არა მარტო კახეთში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ამ ფესტივალს უფრო მეტ აზრს შესძენს და მცირე მარნების წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს გაიცნონ და გაუზიარონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ერთმანეთს“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ქართული ღვინის დღე პირველად 2014 წელს აღინიშნა. ღონისძიებისადმი საქართველოს მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2016 წელს გადაწყდა, რომ „ქართული ღვინის დღე“ კვირეულის სახეს მიიღებდა. 2017 წელს ქართული ღვინის კირეული 29 სექტემბერს მარნეულში გაიხსნა და 8 ოქტომბერს თბილისში „ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსით“ დასრულდება.