Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"აწარმოე საქართველოში"-ს ბენეფიციარები დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ

59edb61d53ce8
სალომე მეცხვარიშვილი
24.10.17 10:00
1252
სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ივნისიდან ამოქმედდა. 3 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში რამდენიმე ასეული კომპანია დაფინანსდა. პროექტი 3 მიმართულებას მოიცავს: ფინანსური ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, საკონსულტაციო მომსახურება. თავის მხრივ ეს პროგრამები შეიძლება მოიცავდეს სესხზე პროცენტის თანადაფინანსებას; გირაოში თანადგომას; ქონების უსასყიდლოდ გადაცემას და ა.შ.

სესხის თანადაფინანსების პროგრამა გულისხმობს სახელმწიფოს მიერ 2 წლის განმავლობაში ბანკიდან მიღებული სესხის არაუმეტეს 10%-ის თანადაფინანსებას, რის შემდეგაც კომპანია სესხის გადახდას თავად აგრძელებს.

"საქმის კურსი" დაინტერესდა, როგორ აგრძელებენ მუშაობას კომპანიები, რომელთა სესხის თანადაფინანსებიდან სახელმწიფო უკვე გამოვიდა.

გამოკითხული კომპანიებიდან ძირითადი ნაწილი აგრძელებს მუშაობას, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებმაც მუშაობა მალევე შეაჩერეს.

ასეთია მაგალითად კომპანია "გრინერჯი", რომელმაც სახელმწიფოს თანამონაწილეობით 444 ათასი ლარის დაფინანსება მიიღო. კომპანიას ხის გრანულების საწარმო უნდა აემუშავებინა. ადგილზე 9 ადამიანი უნდა დასაქმებულიყო.

დღეს კომპანიის ხელმძღვანელი თეიმურაზ მათიაშვილი ამბობს, რომ საწარმო დიდი ხანია აღარ მუშაობს. მიზეზი კი დანადგარებია, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელებმა შეიძინეს.

"ისეთი დანადგარები შემოვიტანეთ, რომელიც ევროპასა და ამერიაკში აღარ იხმარება. რთული დანადგარებია, რომელსაც მუდმივი ჩარევა სჭირდება. ეს დანადგარები აქვთ მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და ჩინეთს. 9 თვე ვიწვალეთ, რომ აგვემუშავებინა, მაგრამ ვერ ავამუშავეთ",- აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, "აწარმოე საქართველოში" პროექტიდან მიღებულ სესხს კომპანია ამ დრომდე ფარავს, თუმცა, სხვა ბიზნესიდან მიღებული თანხებით. თეიმურაზ მათიაშვილი ამბობს, რომ რომ არა სხვა ბიზნესი, სესხის გადახდას ვერ მოახერხებდნენ. მათივე თქმით, გარკვეული დროის განმავლობაში სახელმწიფო მათ სესხის თანადაფინანსებაში ეხმარებოდათ.

"გრინერჯისგან" განსხვავებით "აწარმოე საქართველოში" მონაწილეობის შემდეგ გაფართოებაზე ფიქრობს კომპანია "ისეკო", რომელიც ფოლადის ფურცლებსა და მილებს აწარმოებს.

კომპანიის ხელმძღვანელი თამაზ ჯალიაშვილი "საქმის კურსთან" ამბობს, რომ დაფინანსების მიღებისა და ახალი დანადგარების შეძენის შემდეგ რეალიზაცია 10%-15%-ით გაიზარდა, რაც ამ სფეროში საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. კომპანია გაფართოებაზეც ფიქრობს და უახლოეს მომავალში სასაწყობე მეურნეობის მშენებლობას გეგმავს. "ისეკომ" "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში 3 907 800 ლარის დაფინანსება მიიღო.

“აწარმოე საქართველოში“ სალიზინგო პროგრამით ისარგებლა "მეგაპლასტმაც". კომპანიის ხელმძღვანელი ზაზა მჭედლიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსებიდან გამოსვლის შემდეგ რთული რეალობის წინაშე დადგა.

მისი ინფორმაციით, ლიზინგის პროცენტი საქართველოში საკმაოდ მაღალია, ამიტომ კომპანიას თანხის გადახდა გაუჭირდა. ზაზა მჭედლიშვილის თქმით, მაგალითად თურქეთში ადგილობრივი ნაწარმის შეძენისას ლიზინგის პროცენტი არის არა 15%, არამედ 5% და ამას ასუბსიდირებს მთავრობა ადგილობრივი ბიზნესის წახალისების მიზნით. "მეგაპლასტის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ იგივე პირობების შემოღება საქართველოშიც აუცილებელია.

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში დაფინანსების მიღების შემდეგ წარმადობა 40%-ით გაზარდა კომპანია "ჯორჯიან ბეიქერსმა". კომპანიის ხელმძღნელი ვახტან პატარაია ამბობს, რომ დაფინანსების მიღების შემდეგ დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში ახალი საწარმო გააკეთეს. მისი თქმით, სესხის თანადაფინანსებიდან სახელმწიფოს გამოსვლის შემდეგ სესხის გადახდა არ გაჭირვებიათ. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 648 000 ლარი იყო.