Home
Category
TV Live Menu
Loading data...

2016 წელს საქართველოს სასტუმროები 37%-ით მეტ სტუმარს მოემსახურა

59a7b9134c940
BM.GE
31.08.17 11:20
879
დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2016 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1415 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთაც გააჩნიათ 1496 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება (ადგილობრივი ერთეულების და ფილიალების ჩათვლით). ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება წარმოადგენს, რომლის წილად მოდის 2016 წელს მოქმედი სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 57.4%, ინდივიდუალური მეწარმის წილად - 40.6%. დანარჩენ მათგანს გააჩნია სააქციო საზოგადოების (1.3%), სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0.1%) და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის (0.6%) სტატუსი.

მოქმედი სასტუმროების 99.5% კერძო საკუთრებაშია, ხოლო 0.5% - სახელმწიფო საკუთრებაში. 2016 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 1675.1 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა (29.5%-ით მეტი, გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით). აქედან იჯარით გაცემულია 28.7 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელმა ფართობმა 821.4 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა (33.3%- ით მეტი, გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით).

2016 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 61.4 ათასი ერთეული შეადგინა. ნომრების საერთო რიცხვი 28.4 ათასი ერთეულია, რომელთა 10.0% ლუქსია, 12.9% – ერთადგილიანი, 57.8% – ორადგილიანი, ხოლო 19.3% სამი და მეტი ადგილის მქონე ნომრებია.

2016 წლის განმავლობაში საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 2539.8 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 37.0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს.

საქართველოს სასტუმროებს სტუმართა 65.8% საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სტუმრობდა 34.2% - საქართველოდან. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რუსეთიდან (13.8%) შემოსული სტუმრები. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უმეტესობას პოლონეთიდან (21.1%) და გერმანიიდან (18.1%) შემოსული სტუმრები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უდიდესი წილი თურქეთიდან (24.0%) და ირანიდან (11.8%) შემოსულ სტუმრებს უკავია.