Home
Category
TV Live Menu
Loading data...

117 მომხრე, 2 წინააღმდეგი - ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციაში შევიდა

59ca6058816c4
BM.GE
26.09.17 18:11
855
117 მომხრე, 2 წინააღმდეგი - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილებებით, საქართველო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება.

ამასთან, ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტს არაპირდაპირი არჩევის წესით აირჩევენ. პრეზიდენტს სპეციალური საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელიც 150 პარლამენტარისგან, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრისგან და პარტიების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგების შესაბამისად დასახელებული ხმოსნებისაგან შედგება.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება და ამომრჩეველი პრეზიდენტს 6 წლის ვადით აირჩევს.

კონსტიტუციაში გაკეთდა ჩანაწერი, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო.

კონსტიტუცია ჩანაწერი გაკეთდა მიწის ფლობასთან დაკავშირებითაც. კერძოდ: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით“.
კონსტიტუციით უქმდება პრეზიდენტის უშიშროების საბჭო და მის ნაცვლად თავდაცვის საბჭო ყალიბდება.

ამასთან, კონსტიტუციაში ჩანაწერი გაკეთდა საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებითაც:

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან”.