Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გია არაბიძე: ხვალ ბუნებრივი გაზის ტარიფი გაიზრდება

596ccfbaeacfd
დავით ჯალაღონია
17.07.17 18:52
849
ენერგეტიკოსის გია არაბიძის პროგნოზით, სემეკი ხვალ ბუნებრივი გაზის გაზრდილ სამომხმარებლო ტარიფს გამოაცხადებს.

„ხვალ გაზის ტარიფი იმაზე მეტი გამოცხადდება, რაც დღეს გვაქვს, ისევე როგორც ტრანსპორტირების კომპანიას მიეცა მეტი ტარიფი, მაგრამ რამდენია, ნამდვილად არ ვიცი“, - განუცხადა არაბიძემ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება დღეს დადგენილი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის წილს სამომხმარებლო ტარიფში, ენერგეტიკოსის განმარტებით, ეს დაახლოებით 5%-ია.

„ეს დაახლოებით 2 თეთრამდეც არ არის კუბურ მეტრზე. დღეს ხომ გვაქვს 50-თეთრიანი გაზი - ამ ფასში 2 თეთრიც კი არ არის გაზის ტრანსპორტირების თანხა. მნიშვნელოვანია გაზის შესასყიდი და განაწილების ფასი“, - აღნიშნა მან.

თავად სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა წინასწარი პროგნოზებისგან თავს იკავებს.

„როგორი იქნება საბოლოო შედეგი, ჩვენ ამას დავინახავთ დანარჩენი ორი კომპონენტის განხილვის შედეგად, ვინაიდან როგორც ელექტროენერგეტიკაში ხდება, შესაძლოა, ერთი კომპონენტი იზრდებოდეს, მაგრამ მეორე - მცირდებოდეს“, - განმარტა მილორავამ.

შეგახსენებთ, რომ ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები 2007 წლის შემდეგ არ გადათვლილა. დღეს კი სემეკმა გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტარიფი დაადგინა და 1 კუბურ მეტრზე 1.884 ლარი განსაზღვრა.