Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სახე, როგორც გასაღები - რა უნდა ვიცოდეთ iPhone X-ის Face ID-ს შესახებ?

59d08798d522d
პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატი
01.10.17 12:00
767
თუ აქამდე iPhone-ის გასახსნელად თითის ანაბეჭდს (Touch ID) იყენებდით, ახლა ამის გაკეთებას თქვენივე სახის დახმარებითაც შეძლებთ. როგორც Apple-ის ხელმძღვანელმა პირებმა პრეზენტაციაზე განაცხადეს, iPhone X-ის მფლობელისთვის საკმარისია უბრალოდ დახედოს ტელეფონს, ახალი ტექნოლოგია წამის მცირე მონაკვეთში მოახდენს პატრონის იდენტიფიცირებას და გაიხსნება. FaceID-ს დახმარებით შესაძლებელი იქნება ყველა იმ ოპერაციის შესრულება, რასაც აქამდე ანაბეჭდის საშუალებით აკეთებდით - მათ შორის აპლიკაციების გადმოწერა და გადახდა Apple Pay-ს საშუალებით.

შესაძლებელია თუ არა Face ID-ს გატეხვა? 

სახის ამოცნობის ტექნოლოგია ახალი არ არის და მისი „გატეხვა“ სპეციალისტებს არაერთხელ მოუხერხებიათ. Wired-ის ინფორმაციით, 2009 წელს უსაფრთხოების მკვლევარებმა აჩვენეს, რომ შეეძლოთ მოეტყუებინათ სახის ამოცნობის სისტემები სხვადასხვა ტიპის ლეპტოპებზე, თანაც მხოლოდ ამობეჭდილი ფოტოს საშუალებით. 2015 წელს პოპულარულმა ბლოგერმა დენ მორენმა Alibaba-ს სახის ამომცნობ სისტემას ვიდეოს საშუალებით აუარა გვერდი.

Apple აცხადებს, რომ Face ID-ს მოტყუება ასეთი მარტივი არ იქნება. ახალი აიფონ X იყენებს ტექნოლოგიას, სახელწოდებით TrueDepth, რომელიც მომხმარებლის სახეს სინათლის 30 000 წერტილისგან შექმნილ ბადედ აღიქვამს და 3D მათემატიკურ მოდელს ქმნის. ყოველ ჯერზე, როცა ტელეფონს დახედავთ, ხელოვნური ინტელექტი ამ მოდელს კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის. მარტივად რომ ითქვას, თქვენი Face ID ყოველდღიურად სულ უფრო უკეთესად გაგიცნობთ. როგორც პრეზენტაციაზე Apple-ის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, იმის ალბათობა, რომ ვინმემ შემთხვევით შეძლოს თქვენი ტელეფონის გახსნა, მილიონში ერთია.

თუმცა ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რთული შეუძლებელს არ ნიშნავს. უსაფრთხოების მკვლევარი, მარკ როჯერსი, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ყალბი ანაბეჭდით Touch ID-ს დამარცხება შეძლო. Wired-თან ინტერვიუში ის ამბობს, რომ შესაძლოა Face ID-ს გატეხვა მხოლოდ ადამიანის თავის 3D მოდელის ამობეჭდვითაც იყოს შესაძლებელი.

Apple აცხადებს, რომ მომხმარებელი ამ მხრივაც დაცულია. პრეზენტაციისას ფილ შილერმა დამსწრეებს აჩვენა ჰოლივუდის სპეცეფექტების კონსულტანტებთან ერთად შექმნილი სპეციალური ნიღბები, რომლებიც Face ID-ის გაწვრთნისას და ტესტირებისას გამოიყენეს, თუმცა აღარ დაუკონკრეტებია, რა შედეგი აჩვენა ტესტირებამ. ერთადერთი, სადაც Apple საფრთხის არსებობას აღიარებს, იდენტური ტყუპისცალების შემთხვევაა. 

Face ID-ის მოტყუების გარდა სპეციალისტები სხვა შესაძლო პრობლემებზეც საუბრობენ. პაროლი შესაძლოა მფლობელმა ზეწოლის ქვეშაც არ გასცეს, სახით იდენტიფიცირების შემთხვევაში კი იძულება ბევრად რეალურია. გარდა ამისა, სახე, თითის ანაბეჭდისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო ღია მონაცემია, რომელიც არაერთ ბაზაში და პლატფორმაზეა განთავსებული, მათ შორის სოციალურ ქსელებშიც. ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის მკვლევარებმა გასულ წელს მხოლოდ ფეისბუქის ფოტოების გამოყენებით შეძლეს ადამიანის სახის 3D ვირტუალური მოდელის შექმნა, რომელმაც 5 სხვადასხვა სახის ამომცნობი აპლიკაციის კომპრომეტირება შეძლო.
მომხმარებლების ნაწილმა შეკითხვა იმის შესახებაც დასვა, სად ინახება და რისთვის გამოიყენება მისი სახის მონაცემები. Apple აცხადებს, რომ მფლობელის სახის მოდელი მხოლოდ ტელეფონში ინახება და არ იგზავნება კომპანიის სერვერზე. გარდა ამისა, ახალი iPhone გთავაზობთ "SOS mode"-ს, რომელიც ჩართვა-გამორთვის ღილაკზე 5-ჯერ დაჭერით Face ID-ს გამორთავს და ტელეფონს პაროლის რეჟიმზე გადაიყვანს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ Face ID-ს ძლიერი და სუსტი მხარეები უფრო კარგად მას შემდეგ გამოჩნდება, რაც iPhone X გაყიდვაში გამოვა, თუმცა, მომხმარებლებს უნდა ესმოდეთ, რომ ახალი ტექნოლოგიის, სერვისის, თუ დამატებითი კომფორტის ფასი ხშირად მათი მონაცემებია. რამდენად მნიშვნელოვანია პაროლის ასაკრეფად საჭირო რამდენიმე წამის დაზოგვა, ამას iPhone-ის ყველა მფლობელი უკვე ინდივიდუალურად გადაწყვეტს.