Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ქართული თაფლი ევროკავშირში ისევ ვერ გადის - მიზეზებად შესაბამისი ლაბორატორიის არარსებობა და მეფუტკრეების განათლება სახელდება

59117593e1b0d
სალომე მეცხვარიშვილი
09.05.17 11:51
1459
გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია. მიუხედავად ამისა, ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე მაინც ვერ გადის. მეფუტკრეები მიზეზად რამდენიმე მიმართულებას ასახელებენ: ლაბორატორიის არარსებობა, რომელიც თაფლის სრულყოფილად შემოწმებას შეძლებს, თაფლის მცირე რაოდენობა და მეფუტკრეთა ცოდნა.
"საქმის კურსთან" საუბრისას "საქართველოს მეფუტკრეთა გილდიის" გამგეობის თავმჯდომარე და კომპანია „ბრეტის“ხელმძღვანელი გიორგი კეპაშვილი აცხადებს, რომ მისთვის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი ლაბორატორიის არარსებობაა.

ქართული ლაბორატორია თაფლს სრულყოფილად ვერ ამოწმებს, რის გამოც ევროკავშირში პროდუქტი ვერ გაგვაქვს,- აცხადებს კეპაშვილი.

მისი თქმით, ქართული ლაბორატორია თაფლს მხოლოდ 6-7- მონაცემებზე ამოწმებს, მაშინ, როდესაც დადგენილი სტანდარტი 35 მონაცემია.

"ეს არის მოთხოვნები, რომლებიც დაფუძნებულია ევროპაში მოქმედ სტანდარტებზე და რომელიც დაფუძნებულია ჩვენთან უკვე მოქმედი თაფლის ტექნიკურ რეგლამენტის მოთხოვნებზე. საჭიროა, ლაბორატორია იკვლევდეს ამ მოთხოვნების შესაბამისად. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს არ შეუძლიათ და თუ ხვალ და ზეგ, ეს შესაძლებელი იქნება, მოხარული ვიქნები",- აცხადებს გიორგი კეპაშვილი.

მისივე თქმით, სწორედ ლაბორატორიის შეზღუდვების გამო მწარმოებელს უწევს თაფლი ევროპაში გაგზავნოს და ნიმუშები იქ აიღოს, რაც თითო სინჯის შემთხვევაში დახალოებით 5 ათასი ევრო ჯდება. კეპაშვილი ამბობს, რომ ამ ხარჯის გაწევა კომპანიებს არ უღირთ.

„არ გვაქვს ის თანხები, რომ საზღვარგარეთ ვაგზავნოთ ნიმუშები და 5-5-ათასი ევრო ვიხადოთ ერთი სინჯის სრულყოფილი კვლევისთვის. ლაბორატორია მუშაობს, მაგრამ იკვლევს თუ არა თაფლს სრულყოფილად ეჭვი მეპარება. ვიცი რა მონაცემებზეც იკვლევენ ისინი თაფლს და ეს არ აკმაყოფილებს მყიდველს, ჩვენ არ გვაკმაყოფილებს“,- აცხადებს კეპაშვილი.

მისი თქმით, ადგილზე რომ იყოს შესაძლებელი თაფლის სრულყოფილად შემოწმება, ბევრად იაფი დაჯდება და მწარმოებელიც შეძლებს თანხის გადახდას.
ლაბორატორიის პრობლემას აღიარებს კოოპერატივ თაფლი „საჩინოს“ ხელმძღვანელი მინდია ქავთარაძეც, თუმცა, მას მთავარ პრობლემად სხვა საკითხები მიაჩნია.
მინდია ქავთარაძე ამბობს, რომ უპირველესი პრობლემა თაფლის სიმცირეა, რადგანაც საქართველოში არ არის ადგილობრივი ბაზრისთვის სამყოფი თაფლიც კი. მეორე მიზეზად ის მეფუტკრეთა ცოდნას და განათლებას ასახელებს. მინდია ქავთარაძე ამბობს, რომ თაფლის მწარმოებლებისთვის უცხოა თანამედროვე სტანდარტები, რის გარეშეც ევროპაში ქართული თაფლი ვერ გავა. კიდევ ერთი მიზეზი მინდია ქავთარაძისთვის თაფლის მიკვლევადობაა. მისი განმარტებით, ქართული თაფლის ქილაზე ხშირ შემთხვევაში არ არის განთავსებული საკმარისი ინფორმაცია პროდუქტის მიკვლევადობისთვის.

კიდევ ერთი პრობლემური საკითხი მინდია ქავთარაძისთვის ევროპაში პროდუქციაზე დაბალი ფასია. მისი თქმით, ევროკავშირში თაფლის მაქსიმალური ფასი 4,5 ევროა, საქართველოში კი 15 ლარი ღირს.