Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მზად ვართ უკრაინულ ბიზნესწრეებს შევთავაზოთ საქართველოში არსებული მაქსიმალურად კომფორტული პირობები"

596e02ff2c3bb
BM.GE
18.07.17 16:42
772
საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმავოთ უკრაინასთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველო-უკრაინის ერთობლივ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმს გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად დაესწრო. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის, რაც მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის სრულიად ახალი, სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას მისცემს ბიძგს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.

"ჩვენ საქართველო და უკრაინა დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რუსეთის ქმედებებმა - ჩვენი ქვეყნების რეგიონების ოკუპაციამ და მილიტარიზაციამ დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების გარემო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური და ურყევი თანადგომით, მივაღწევთ ჩვენი ქვეყნების დეოკუპაციას და გამთლიანებას. საქართველო და უკრაინა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ ევროპული ინტეგრაციის გზაზეც. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ევროპულ ოჯახს. იმის მიუხედავად, რომ ამ გზაზე ორივე ქვეყანა მნიშვნელოვანი დაბრკოლებებისა და სირთულეების წინაშე აღმოჩნდა, ქართველმა და უკრაინელმა ხალხებმა საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიოდ დაანახეს, რომ ჩვენი ერების ნება მტკიცეა, ჩვენი ნება უცვლელია, ჩვენი გზა არის ევროპისკენ მიმართული და ვერაფერი შეცვლის ჩვენი ხალხების გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიცით, რომ ეს გზა ადვილი არ არის, გამოწვევები კვალავაც გაგრძელდება, მაგრამ ვიცით ისიც, როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს.ეს არის რეფორმების გაძლიერება, ეკონომიკის მდგრადი განვითარება, დემოკრატიული ღირებულებების მტკიცე დაცვა და, რაც მთავარია, ერთმანეთის მხარდაჭერა," - აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უკრაინა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. მან იმედი გამოთქვა, რომ როგორც სავაჭრო, ისე საინვესტიციო და ერთობლივი საწარმოების შექმნის კუთხით, ორივე ქვეყანა მაქსიმალურად გამოიყენებს არსებულ შესაძლებლობებს.

"საქართველო ინვესტორებს სთავაზობს ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატს, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელსაც ხელი სულ ცოტა ხნის წინ მოეწერა.

ეს შეთანხმება მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს უკრაინელ ინვესტორებს და გჯერა, რომ იგი დამატებით ბიძგს მისცემს ქართულ-უკრაინული საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას... ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბიზნესსექტორთან თანამშრომლობას, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ის არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა. დღეს ჩვენ მზად ვართ უკრაინულ ბიზნესწრეებს შევთავაზოთ საქართველოში არსებული მაქსიმალურად კომფორტული პირობები ბიზნესის განვითარებისთვის,ასევე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები თურქეთთან, ჩინეთთან, ჰონ კონგთან და მომავალი წლის ბოლოდან, დიდი ალბათობით, ინდოეთთან, რადგან უკვე არსებობს ორმხრივი დაინტერესება და კონსულტაციებიც დაწყებული გვაქვს," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის მნიშვნელობა შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ მას გიორგი კვირიკაშვილთან ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე, უკრაინაში შედგება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი.