Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მცხეთის კინოთეატრი არქეოლოგიურ მუზეუმად გადაკეთდება

59fc81e18a817
სალომე მეცხვარიშვილი
03.11.17 18:47
849
საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტისთვის (RDP III). აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება მცხეთის კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის მიზნით.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოცხადებული აქვს ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე. სახელმწიფო შესყიდვა დღეს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 30 ნოემბერს იწყება და 4 დეკემბერს მთავრდება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 მილიონ 249 ათასი ლარია.

სამშენებლო ტერიტორია მდებარეობს ქ. მცხეთის ცენტრში, სამთავროს დედათა მონასტრისა და სამთავროს ველის მიმდებარედ, შემაღლებულ ბაქანზე, სადაც გასული საუკუნის 70-იან წლებში აგებული რკინა ბეტონის მასიური, კუბის ფორმის კინოთეატრის შენობა დგას. სამინისტრო აღნიშნავს, რომ შენობა დღეს არ ფუნქციონირებს, მიტოვებული და გაპარტახებულია.

განსაზღვრულია აღნიშნულ შენობაში არქეოლოგიური მუზეუმის მოწყობა, რისთვისაც პროექტი ითვალისწინებს:

ა) არსებული შენობის გამაგრებას და გადაგეგმარებას, სადაც განთავსდება მუზეუმის ადმინისტრაცია და სამუზეუმო საცავები;

ბ) შენობის ქვედა ნაწილში მოქცეული არქეოლოგიური ძეგლის - „მცხეთის კარიბჭის“ საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელებას;

გ) ორსართულიანი მიშენების მოწყობას სარდაფით, სადაც განთავსდება მუზეუმის მიმღები, საგამოფენო დარბაზი, საკონფერენციო სივრცე, კაფე, სველი წერტილები, დამხმარე, სასაწყობე სათავსები და ა.შ.

დ) არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა - პარკირებისა და გამწვანების მოწყობა, არსებული კიბეებისა და აუზის რეაბილიტაცია, ტერიტორიის მოკირწყვლა და განათება;