Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მთავრობამ აქციზური გადასახადით მისაღები შემოსავლის პროგნოზი შეამცირა

5a140ffd1becf
დავით ჯალაღონია
21.11.17 15:36
833
2017 წლის ბიუჯეტში აქციზის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 192 მლნ ლარით შემცირდა. საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, აქციზის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 1 435.0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც 192 მლნ ლარით ნაკლებია 2017 წლის დამკტიცებულ გეგმასთან შედარებით.

აღნიშნულ შემცირებას ფინანსთა სამინისტრო იმ საგადასახადო პოლიტიკით ხსნის, რაც ერთის მხრივ, თამბაქოს პროდუქცის, მეორეს მხრივ კი ავტომობილების აქციზთან დაკავშირებით შეიცვალა.

2017 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით, საგადასახადო პოლიტიკის ცვლილების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა იმპორტირებული ავტომობილების ასაკი (9 წლამდე ავტომობილების წილი მთლიან იმპორტში ბოლო 4 თვის (ივნისი-სექტემბერი) განმავლობაში გაიზარდა 29%-იდან 76%-მდე), რაც აისახა საბიუჯეტო შემოსავლის ნაწილზეც, ვინაიდან შედარებით ახალი ავტომობილები იბეგრებიან უფრო დაბალი აქციზის განაკვეთით.

გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მნიშვნელოვნად გაზრდილია ჰიბრიდულ და ელექტროძრავიანი ავტომობილების იმპორტი, რაც ასევე შემცირებული განაკვეთით იბეგრება.

"ჰიბრიდი - სტანდარტულ განაკვეთზე 60%-ით დაბალი განაკვეთით იბეგრება, ხოლო ელექტრო - სრულად განთავისუფლებულია გადასახადებისაგან (ჰიბრიდულ და ელექტრო ძრავიანი ავტომობილების წილი მთლიან იმპორტში ბოლო 4 თვის (ივნისი-სექტემბერი) განმავლობაში გაიზარდა 7%-იდან 42%-მდე); ბიუჯეტის დამტკიცების შემდგომ, მსუბუქი ავტომობილების იმპორტთან მიმართებაში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუწესდათ დამატებითი შეღავათები. კერძოდ: ავტომობილები რომლებიც გამოგზავნილი იყო საქართველოში 2017 წლის 1 იანვრამდე და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არაუგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა, მათთვის აქციზის გადასახადის განაკვეთები დარჩა უცვლელი. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში იმპორტირებული ავტომობილებზე აქციზი გადახდილი იქნა ძველი (შემცირებული) განაკვეთებით“, - ნათქვამია კანონპროექტში.

რაც შეეხება თამბაქოს პროდუქციას, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში მოხმარება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15.5%-ით შემცირდა.