Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად ნეიტრალურ დონემდე შემცირდება"

59f982a7e8691
BM.GE
01.11.17 12:14
776
ეროვნული ბანკი აგვისტოს თვის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს" აქვეყნებს. "მონეტარული პოლიტიკის ანგარიში" ძირითადი საკომუნიკაციო დოკუმენტია, რომელსაც ეროვნული ბანკი კვარტალში ერთხელ აქვეყნებს. ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი ინფლაციის მაჩვენებლის პროგნოზი და სხვა ფაქტორები, რასაც ეფუძნება მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ბანკის მთავარ ამოცანაა შეინარჩუნოს ფასების სტაბილურობა, რაც გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების აუცილებელი წინაპირობაა. 2017 წლის დასაწყისში წლიური ინფლაცია გაიზარდა და ივნისში 7.1 პროცენტი შეადგინა. ბანკის ინფორმაციით, ინფლაციის მატება ძირითადად ერთჯერადი ფაქტორებით, კერძოდ, საწვავისა და თამბაქოს პროდუქტების გაძვირებით, არის გამოწვეული, რაც ამ პროდუქტებზე აქციზის განაკვეთის ზრდას და ასევე საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდას უკავშირდება.

„ამ პროდუქტების წვლილი ინფლაციაში 2.6 პროცენტული პუნქტია. რადგანაც ეს ზრდა ერთჯერადი ხასიათისაა, ის ეკონომიკური შინაარსით ინფლაციას არ წარმოადგენს. 2017 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდის ინდიკატორები მოსალოდნელზე უფრო მაღალ ზრდაზე მიუთითებს. თუმცა, მოთხოვნის მხარის გავლენა ინფლაციაზე სუსტი რჩება, რადგან მშპ-ის გადახრა პოტენციური დონიდან ჯერ კიდევ უარყოფითია.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 26 ივლისის სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 7.0 პროცენტზე შენარჩუნება. კომიტეტი გადაწყვეტილებას ინფლაციის პროგნოზის მიხედვით იღებს. არსებული პროგნოზით, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი, დროებითი ფაქტორების გამო 2017 წლის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა დარჩება, თუმცა, ამ ფაქტორების ამოწურვის შედეგად, 2018 წლის დასაწყისში იგი შემცირდება და 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან იქნება ახლოს. სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წლის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთის ზრდის საჭიროება არ იკვეთება.

ასევე, ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად ნეიტრალურ დონემდე შემცირდება. მინდა განვმარტო, რომ პოლიტიკის განაკვეთის აღწერილი პროგნოზი არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის დანაპირებს მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გადაწყვეტილებებზე, არამედ ის ასახავს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საორიენტაციო ტრაექტორიას დღეისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და პროგნოზების საფუძველზე.

ასევე მინდა განვმარტო, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, არის 3 პროცენტი საშუალოვადიან პერიოდში 2018 წლიდან. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მიმდინარე ეტაპზე ან მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია შეიძლება გადახრილი იყოს სამიზნე მაჩვენებლიდან როგორც ზრდის, ისე კლების მიმართულებით. თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის იმოძრავებს სამიზნე მაჩვენებელისაკენ. ასეთი მიდგომით, რასაც ინფლაციის თარგეთირება ეწოდება ფასების სტაბილურობა ყველაზე დაბალი საზოგადოებრივი დანახარჯებით მიიღწევა, ხოლო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე მაღალი და სტაბილურია. მას შემდეგ რაც ეროვნული ბანკი გადავიდა ინფლაციის თარგეთირებაზე, ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 3.5 პროცენტია. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ინფლაციის თარგეთი არის 3 პროცენტი ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას ნულიდან სამ პროცენტამდე, არამედ ვგულისხმობთ ინფლაციას 3 პროცენტთან ახლოს საშუალოვადიან პერიოდში“, - განაცხადა გვენეტაძემ.