Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა, შესაძლოა, ID ბარათებით გახდეს შესაძლებელი

5a1bd9918b36b
BM.GE
27.11.17 13:22
651
საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა, შესაძლოა, ID ბარათებით გახდეს შესაძლებელი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„განსაკუთრებით აღვნიშნავ ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც გარდა მჭიდრო, მეტად მეგობრული ხალხთაშორისი ურთიერთობებისა, დაფუძნებულია ჩვენს საერთო ინტერესებზე და სწრაფვაზე, ვიყოთ თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი ნაწილი”, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, უკრაინა წლების განმავლობაში რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორად.

„მისასალმებელია, რომ მიმდინარე წელს სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის გაიზრდა 19%-ით და შეადგინა თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარი. ამასთან, უკრაინა საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-5 პოზიციაზეა. თუმცა, ეს ციფრები არ ასახავს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სრულ პოტენციალს, ჩვენ უნდა დავისახოთ ამბიციური მიზნები და საერთო ძალისხმევით უზრუნველვყოთ სავაჭრო ბრუნვის მაქსიმალური ზრდა ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ.
სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში, მივესალმებით საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ორი მემორანდუმის ხელმოწერას, რომლებიც ეხება მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის სისტემის განვითარებისა და წამლების ხარისხის კონტროლის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებას.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყნებს აქვთ მსგავსი პრობლემები და გამოწვევები. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; მკაცრად ვგმობთ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციასა და ანექსიას ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში.

ჩვენს ქვეყნებს ერთი მიზანი აერთიანებს, გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრები. საქართველო მზად არის გადადგას შემდგომი, გაცილებით უფრო აქტიური ნაბიჯები - მზად ვართ განვახორციელოთ ძალიან კომპლექსური და ამბიციური რეფორმების გეგმა, რაც საბოლოოდ ჩვენს მიზანთან მიგვიყვანს”, - განაცხადა პრემირმა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანის განცხადებით, უკრაინა არის და იქნება საიმედო სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც უკრაინაზეა დამოკიდებული, რათა გავაძლიეროთ ეს მხარდაჭერა. გავმართეთ ძალიან ეფექტური და ხარისხიანი მოლაპარაკებები ბატონ პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან. ჩვენ აღვნიშნეთ რამდენიმე მთავარი მიმართულება. კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი ჩვენს ხალხებს შორის არსებულ თბილ და მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, ავაშენოთ სხვადასხვა სფეროში აბსოლუტურად ხარისხიანი პოლიტიკა.
გვაქვს საკმაოდ კარგი ტენდენცია ორმხრივი ვაჭრობის ზრდასთან დაკავშირებით, რაც ეხება საქონლით და მომსახურებით ვაჭრობას. მიმაჩნია, რომ შეიძლება გვქონდეს უფრო ამბიციური მიზანი და 500-მილიონიანი სავაჭრო ბრუნვა გავზარდოთ 1 მილიარდამდე. ეს იქნება ჩვენი თანამშრომლობის ამოცანა. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია, გავაღრმავოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში - აგრარულ სფეროში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში და მოხარული ვიქნებით ქართულ ბიზნესთან თანამშრომლობით.

ასევე ვისაუბრეთ ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობაზე.

ჩემი პროგრამის ერთ-ერთი პუნქტია „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობა, რომელიც თბილისში ხვალ გაიმართება. მინდა, ბატონ პრემიერ-მინისტრს მოწვევისთვის მადლობა გადავუხადო. შევთანხმდით, დავსახოთ ერთობლივი მოქმედების მკაფიო გეგმა, რომ ავაშენოთ ერთიანი გზა ჩვენი საქონლის გადაადგილებისთვის და უზრუნველვყოთ ხარისხიანი ლოგისტიკა სხვა პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი გადაზიდვების სფეროში ევროპიდან აზიის მიმართულებით.

ჩვენ ასევე უნდა გავამარტივოთ მოგზაურობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვიცით, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყნებში სტუმრობით და დღეს ჩვენ გამოვთქვით დიალოგის დაწყების სურვილი ID ბარათების აღიარებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენს ქვეყნებში მიმოსვლა უფრო მოხერხებული გახდეს.

მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ დღეს უკრაინული ბიზნესი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური ცხოვრებით და პირიქით. ამ მიმართულებით თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის, რომ ვეწვიე თბილისს. მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მთელი ჩვენი სამთავრობო გუნდი მზად არის, მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებას”, - განაცხადა პრემიერმა.