Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"კარასინის ინტერპრეტაციები საფრთხეს შეუქმნის 2011 წლის შეთანხმების განხორციელებას"

5a6b4723c7f7a
დავით ჯალაღონია
26.01.18 19:18
879
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მიერ რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადება, რაც ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგის საკითხზე 2011 წელს გაფორმებულ შეთანხმებას ეხებოდა, „ცალსახად ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების პრინციპებსაც და არსაც“.

„კერძოდ, ამ კომენტარებში საუბარია საბაჟო საზღვრებზე საქართველოსა და აფხაზეთს შორის, საქართველოსა და ე.წ ცხინვალის რეგიონს შორის. არანაირი საბაჟო საზღვრები 2011 წლის შეთანხმებაში, რა თქმა უნდა, ნახსენები არ არის. იქ არის საუბარი იმაზე, რომ უნდა შეიქმნას სავაჭრო კორიდორები, რომლის დასაწყისში და ბოლოში უნდა განთავსდნენ შვეიცარიელი კომპანიის მონიტორები. აი, ამ მონიტორების ტერმინალებზეა საუბარი. დანარჩენი ყველაფერი, რა ტვირთი გაივლის იქ, გაიხსნება თუ არა ეს მიმართულება, ეს ყველაფერი უკვე საქრთველოს მთავრობის პრეროგატივაა. შვეიცარიელი მონიტორების ფუნქცია იქნება მხოლოდ იმ ტვირთის აღნუსხვა, რომელიც ამ კორიდორებში გაივლის. მე ვშიშობ, რომ ასეთი ინტერპრეტაცია, რაც ჩვენ წავიკითხეთ, ძალიან სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის 2011 წლის შეთანხმების განხორციელებას“, - განაცხადა აბაშიძემ.

მისივე განმარტებით, ქართულმა მხარემ გასული წლის დეკემბერში უკვე გააფორმა შესაბამისი კონტრაქტი შვეიცარიულ კომპანიასთან, რათა რითაც დაადასტურა 2011 წელს დადებული შეთანხმების ერთგულება და კონსტრუქციული მიდგომა.

„ჯერ-ჯერობით გვემის რუსული მხრიდან ასეთი განცხადებები, რომ ისინი აპირებენ, უახლოეს თვეებში გააფორმონ შესაბამისი კონტრაქტი შვეიცარიულ კომპანიასთან, მაგრამ თუ მათი მიდგომა შეიცვლება და შეთანხმების ინტერპრეტირება იქნება ასეთი, რაც ჩვენ ამოვიკითხეთ ამ ინტერვიუში, ეს ძალიან სერიოზულად შეუშლის ხელს ამ შეთანხმების რეალიზაციას“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებმა დოკუმენტების პაკეტს 2011 წლის 9 ნოემბერს მოაწერეს ხელი. პაკეტი მოიცავდა საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ ორმხრივი შეთანხმებას და ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური მესამე მხარის როლს განამტკიცებს.

საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი ა) ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (EDES) და ბ) საერთშორისო ზედამხედველობის (IMS) სისტემას მოიცავს. შეთანხმების თანახმად, ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით ნეიტრალური კერძო კომპანია ტვირთის სავაჭრო დერეფნებში შესვლამდე რისკის მართვის უზრუნველყოფის მიზნით სასაქონლო დეკლარაციებიდან და ტვირთებზე წინასწარი ინფორმაციიდან შესაბამის მონაცემებს მოიპოვებს. ხელშემკვრელი მხარეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი ყველა საქონლის შესახებ შემდეგ მონაცემთა ერთობლიობას წარუდგენენ. EDES-ის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება შვეიცარიის მიერ დაქირავებული ნეიტრალური კერძო კომპანიისთვის.

თავად სავაჭრო დერეფნები, სადავო ტერმინოლოგიის თავიდან აცილების მიზნით, გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით განისაზღვრა. პირველი სავაჭრო დერეფანი, რომელიც აფხაზეთის მიმართულებას ფარავს, ადლერის სიახლოვეს იწყება და ზუგდიდში მთავრდება. მეორე სავაჭრო დერეფანი, რომელიც ტრანსკავკასიურ მაგისტრალს მიუყვება, ჩრდილოეთ ოსეთის სოფელ ნართან იწყება და გორთან მთავრდება, მესამე კი ლარსის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე მდებარეობს.