Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"საზმაუს მხრიდან საბიუჯეტო პროცესების მართვა ხარვეზებით ხორციელდებოდა"

5a730d27bd845
BM.GE
01.02.18 16:49
809
აუდიტის შეფასებით, მაუწყებლის მხრიდან 2015-2016 წლებში საბიუჯეტო პროცესების მართვა ხორციელდებოდა მნიშვნელოვანი ხარვეზებით. კერძოდ, როგორც აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ დამტკიცებული ბიუჯეტი წლის მანძილზე ძირეულად იცვლებოდა; ამასთან საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული არც ერთი ხარჯის კატეგორია არ იყო სათანადოდ დასაბუთებული და არ ეყრდნობოდა იმ პერიოდში ორგანიზაციაში არსებულ მოთხოვნებს, კერძოდ:

2016 წელს ბიუჯეტით დაგეგმილი იყო არაფინანსური აქტივების ზრდა 8,222,000 ლარით, საიდანაც 5,187,800 ლარი გადატანილი და გახარჯულია ხარჯების სხვადასხვა კატეგორიაში;

2015-2016 წლებში შრომის ანაზღაურებამ ნაცვლად საკასო შესრულების მიხედვით წარმოდგენილი 431,213 ლარის და 521,278 ლარისა, რეალურად შეადგინა, შესაბამისად, 16,652,617 ლარი და 21,329,289 ლარი.

„მაუწყებელში, წლების განმავლობაში დანერგილი საბიუჯეტო პროცესების მართვის პრაქტიკა, ქმნის მცდარ სურათს და მოლოდინებს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით, ასევე რისკის ქვეშ აყენებს ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების მიღწევას“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

ანგარიშში წერია, რომ სამეურვეო საბჭო მაუწყებელზე ფინანსურ და მმართველობით კონტროლს წარმართავდა მნიშვნელოვანი სისუსტეებით, კერძოდ:

მაუწყებლის ყველა თანამშრომელი, გარდა გენერალური დირექტორისა, ირიცხება შტატგარეშე თანამშრომლად;

სამეურვეო საბჭოსთან შეუთანხმებლად, მაუწყებლის გენენერალურმა დირექტორმა თანამშრომლებს გაუზარდა ხელფასი 1,182,139 ლარით;

მაუწყებელმა, სამურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტში კანონით განსაზღვრული შესაბამისი ცვლილების შეტანის გარეშე, გასწია შემდეგი ხარჯები: 3,704,559 ლარი - 2015 წელს და 4,302,233 ლარი - 2016 წელს.

მაუწყებლის მიერ გამოცხადებული ტენდერების მნიშვნელოვან ნაწილში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი:

2015 წელს: 78 ტენდერიდან - 38 ტენდერში (49%) ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებით - 2,491,952 ლარი.
2016 წელს: 93 ტენდერიდან - 44 ტენდერში (47%) ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებით 1,253,280 ლარი.

ტენდერებში, სადაც ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, 2015 წელს ფასის კლება მოხდა მხოლოდ 6%-ით, ხოლო 2016 წელს - 4%-ით. სრულიად განსხვავებული შედეგია, როდესაც ერთ პრეტენდენტზე მეტმა მიიღო მონაწილეობა: 2015 წელს ფასი 20%-ით, ხოლო 2016 წელს - 40%-ით შემცირდა.

შესყიდვების წლიური დაგეგმვა ხორციელდებოდა მნიშვნელოვანი ხარვეზებით:

2015 წელს: დაიგეგმა ორი შესყიდვის კლასიფიკაციის (CPV) კოდით 4,000,000 ლარის ოდენობის შესყიდვა, რაც შემცირდა 134,650 ლარამდე.

2016 წელს: დაგეგმილი 3,391,035 ლარის შესყიდვა საერთოდ არ განხორციელებულა.

2 შემთხვევაში (შესყიდვის ჯამური ღირებულება 364,050 ლარი), სატენდერო დოკუმენტაცია მორგებულია კონკრეტული მოდელის საქონლის მახასიათებლებს. • დეკორაციული სამუშაოების შესყიდვებში:

გამოცხადებულ 26 ტენდერზე (სახელშეკრულებო თანხით - 569,913 ლარი) ბაზრის კვლევა არ ჩატარებულა, აქედან, 16 შემთხვევაში, ტენდერში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი.

26 შესყიდვიდან, 16 შემთხვევაში - გამარჯვებულად გამოვლინდა ერთი და იგივე კომპანია. მაუწყებლის მიერ ბაზრის კვლევის გარეშე განხორიციელებულ შესყიდვებში, სადაც მონაწილეობას მხოლოდ ერთი პრეტენდენტი იღებდა, მაღალია არაეკონომიურად შესყიდვის რისკები.

2015-2016 წლებში მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები გამოვლინდა მაუწყებელში საკადრო პოლიტიკასა და მის მართვაში, კერძოდ:

ხელფასის გაცემის პროცესში, არ ხდება თანამშრომელთა რეალურად ნამუშევარი დროის გათვალისწინება.

2015-2016 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის 103 თანამშრომლის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი, რომლითაც მათ ეკრძალებოდათ პარალელურად ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება სხვა მაუწყებელში.

სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ჰქონდა შეწყვეტილი, 5 თვის განმავლობაში ჰონორარის სახით უსაფუძვლოდ მიღებული აქვს 12,800 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

2015-2016 წლებში მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლის დაცვას უზრუნველყოფდა სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, გენერალური დირექტორის აპარატში დაცვის შტატგარეშე თანამშრომლებზე გაიცა 81,152 ლარი. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები ცხადყოფს, რომ მაუწყებელში მნიშვნელოვანი ხარვეზებია საკადრო რესურსების მართვის კუთხით, რაც წარმოშობს საბიუჯეტო ხარჯების არამიზნობრივი განკარგვის რისკებს“, - ნათქვამია ანგარიშში.