Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის ტენდერი შეჩერებულია

5a8ffcf1bd913
თამუნა დემეტრაშვილი
23.02.18 15:33
749
გორის რაიონის სოფელ ბერბუკში თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი დროებით შეჩერებულია. როგორც bm.ge-კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი მიშელაძემ განუცხადა კომპანია "ჯეო სერვისმა", რომელმაც მონაწილეთაგან ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა შემსყიდველს, მის მიმართ გამოტანილი დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება დავების საბჭოში გაასაჩივრა, რის გამოც პროცესი დროებით შეჩერდა.

"როდესაც დავების საბჭოდან პასუხი გვექნება ტენდერი გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში მომდევნო პრეტენდენტების წინადადებებს განვიხილავთ",-აღნიშნა მიშელაძემ.

კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებით, თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს სამშენებლო სამუშაოები მილიონ 233 ათას ლარადაა შეფასებული. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წელში უნდა დაასრულოს. აღსანიშნავია, რომ საწარმოს მშენებელი კომპანიის გამოვლენის ეს უკვე მეორე მცდელობაა.

პირველად ტენდერი გასული წლის ბოლოს იყო გამოცხადებული, თუმცა, ტექნიკური პრობლემების გამო ჩაიშალა. პირველ ტენდერში 11 კომპანიის განაცხადი იყო შესული. გორის რაიონის სოფელ ბერბუკში საქართველოში ყველაზე მსხვილი თაფლის გადამამუშავებელი საწარმო უნდა აშენდეს, რომელიც ევროპის ბაზარის მოთხოვნების შესაბამისად სტანდარტიზებული თაფლის წარმოებას შეძლებს. მშენებლობის დასრულებისა და სრულად აღჭურვის შემდეგ, რაც დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაჯდება, საწარმო სამართავად კოოპერატივებს გადაეცემა. წინასწარი პირობით ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი არანაკლებ 35 თაფლის მწარმოებელი კოოპერატივი გაერთიანდება, რომლებსაც ჯამში მინიმუმ 7 ათასი სკა ფუტკარი ეყოლებათ.

"კოოპერატივებს შეეძლებათ საწარმოში გადამუშავებული თაფლი ერთი ბრენდის ქვეშ გააერთიანონ და ევროპის ბაზარზე გაიტანონ, ვინაიდან გაერთიანების შემთხვევაში შეძლებენ იმ ოდენობის თაფლის შეგროვებასა და გადამუშავებას, რაც ექსპორტისთვისაა აუცილებელი",-აღნიშნა მიშელაძემ.

გადამამუშავებელი საწარმო „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უნდა აშენდეს.