Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ახალგაზრდობა სოფლის მეურნეობაში არ არის ჩართული, ამიტომ განათლების დონე დაბალია"

59f4287239d15
BM.GE
28.10.17 14:30
987
მთავრობამ მომავალი წლის ბიუჯეტში კოოპერატივების ხელშეწყობისთვის 7 მილიონ 745 ათასი ლარი გაითვალისწინა, რაც მიმდინარე წელს თავდაპირველად დაგეგმილ თანხებზე თითქმის 3 მილიონი ლარით მეტია. რას მოუტანს სოფლის მეურნეობის დარგს კოოპერატივების წახალისება და აღნიშნული პროგრამა როგორ ვითარდება, - თემით გადაცემაში ’’საქმის კურსი“ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ისაუბრა.

-რაში აპირებთ მომვალ წელს ბიუჯეტით გამოყოფილი თანხის დახარჯვას და დაგჭირდებათ თუ არა დამატებითი რესურსი, როგორც ეს წელს მოხდა?

-მომავალი წლისთვის 7 მილიონ 745 ათასი ლარია დაგეგმილი და აღნიშნული თანხა თავისთავად იმ დაწყებულ პროგრამებს მოხმარდება, რომელთა გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო, თუნდაც მეფუტკრეობის პროგრამის მხარდაჭერის სახით. კონკრეტული თანხა მევენახეობის პროგრამას მოხმარდება, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყო და გაისადაც განხორციელდება. ასევე მოხმარდება რძის გადამამუშავებელი საწარმოების კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს ამ პროგრამის ფარგლებში 9 პროექტი დაფინანსდება და მომავალ წელსაც გაგრძელდება. ამასთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით ენპარდის (ENPARD) პროგრამა მიმდინარეობდა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების ფარგლებში ხდებოდა, როგორც სააგენტოს თანამშრომელების, ასევე კოოპერატივების თანამშრომლებისა კვალიფიკაციის ამაღლება, მათი შესაძლებლობების გაძლიერება და ტრენინგები. სამწუხაროდ, მიმდინარე წელს აღნიშნული პროექტი დასრულდა.

-კოოპერატივებში ცოდნის და განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა მწვავედ დგას?

-სიმართლეს ვერ გავექცევით და მართლაც ძალიან მწვავედ დგას, ვინაიდან სოფლად მაცხოვრებელი ადამიანები, მითუმეტეს სოფლის მეურნეობაში ჩართულნი, უკვე საკმაოდ დიდი ასაკის ადამიანები არიან. ახალგაზრდობა სოფლის მეურნეობაში აქტიურად არ არის ჩართული და ამიტომ განათლების დონე ცოტა დაბალია. ამისთვის არა მხოლოდ ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების კონსოლიდირებაა საჭირო ტრენინგებითა და კვალიფიკაციის ამაღლებით, არამედ დონორთა მხარდაჭერა. დღემდე გვყავდა დონორი და ევროკავშირის მიერ ხდებოდა ყველა ამ მიმართულების დაფინანსება.

-რადგან თანხებზე ვსაუბრობთ, აქვე დავაზუსტოთ მიმდინარე წლის ცხრა თვეში შესრულების მაჩვენებლები 8.4 მილიონი გაქვთ დამატებული თანხების ჩათვლით დასახარჯი და ამ ეტაპზე 2 მილიონზე ცოტა მეტია დახარჯული და რამ განაპირობა ეს?

-ეს გამოწვეულია იმით, რომ ძირითადი თანხა, რომლითაც ჩვენი ბიუჯეტი შეივსო მაისშია გამოყოფილი. ახალი პროგრამა რომ დაიწყო მაღალმთიან რეგიონებში სათიბ0საძოვრების განაწილების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მარტო ერთი პროგრამა მოიცავს 6 მილიონ ლარს და სწორედ ეს დიდი წილი აუთვისებელი თანხებისა ამ პროგრამიდან არის გამომდინარე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უკვე იმ ეტაპზე ვართ დღეის მდგომარეობით, ჩვენ გარკვეული ღონისძიებები განვახორციელეთ, მათ შორის, კოოპერატივების მობილიზება, მათთან საინფორმაციო კამპანია, რადგან აღნიშნულ პროგრამებში ჩართულიყვნენ და ამასთან ერთად, სახელმწიფო შესყიდვებიდან გამომდინარე პროცედურები მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე გარკვეულ ტენდერებზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. შეიძლება ითქვას, რომ საბოლოოდ აღნიშნული პროგრამა ათვისებული იქნება, მაგრამ ტენდერებიდან გამომდინარე, გარკვეული თანხები გვრჩება, რომელიც შემდეგ თავისთავად ბიუჯეტს დაუბრუნდება, როგორც ეკონომია.

-კოოპერატივების რაოდენობასთან დაკავშირებით როგორია ბოლო მონაცემები, დღემდე რამდენი კოოპერატივი აღმოჩნდა სიცოცხლისუნარიანი და რამდენმა შეწყვიტა არსებობა?

-კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო სტატუსი 2014 წლის 7 მარტს წელს მივანიჭეთ. დღეის მდგომარეობით 1440 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს უკვე აქვს სტატუსი მინიჭებული, თუმცა 525 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სტატუსი შეუჩერდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მათ მიერ თუნდაც წესდებით ნაკისრი ვალდებულება არ იყო შესრულებული. მათ ვერ უზრუნველყვეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, აღრიცხვიანობა არ ხდებოდა და მათთვის მინიჭებული საქმიანობის წარმოების ფაქტებს ვერ ადასტურებდნენ.

-მდგრადობის პრობლემასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

-ახალი წევრების დამატების და წევრთა რაოდენობის გაზრდის პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც დგას. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ყველა სახელმწიფო პროგრამა სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ ფერმერებს, რომლებიც მეტი ადამიანის სახელით გაერთიანდება უფრო მეტად შეეწყოთ ხელი, შეიძლება ითქვას, რომ ეს დღეს გადალახულია.

-სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 9.9%-ია და კოოპერატივების კონტრიბუცია რა არის ამ მაჩვენებელში?
-ძალიან ცოტა, მაგრამ ჩვენი პროგრამები სწორედ წელს განხორციელდება და ამ პერიოდში ჩავდებთ ინვესტიციებს, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ შედეგებს მოგვცემს.