Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ბიზნესომბუდსმენის მხოლოდ ჩემდამი მომართვა საქმეს ვერ მოაგვარებს"

5a8598a37ae8a
თელარა გელანტია
15.02.18 18:23
924
საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ 2015 წელს პარლამენტმა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ე.წ. საპოლიციო და სააღსრულებო გამოსახლების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, ეს წესი მარტივად ვერ შეიცვლება.

საქმე იმაშია, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის მაშინდელმა შემსრულებელმა ზურაბ ძნელაშვილმა  მიმართა თეა წულუკიანს რეკომენდაციით,  რომ აღსრულების ახალ კოდექსში, რომელზეც ახლა იუსტიციის სამინისტრო მუშაობს, აღდგეს 2015 წელს გაუქმებული ის ნორმა, რომლის თანახმად, იძულებითი აღსრულების ფარგლებში უძრავი ნივთის რეალიზაციის შემთხვევაში, იძულებითი აღსრულება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე იყო შესაძლებელი.

ცნობისთვის: 2015 წლის ბოლოს, როცა საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესი გაუქმდა, მაშინ ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან ერთად, იუსტიციის მინისტრის ამ წესის გაუქმების წინააღმდეგი იყო, მაგრამ მათი რეკომენდაციები საკანონმდებლო ორგანომ არ გაითვალისწინა.

"ჩვენ მაშინ ვიყავით სულ რამდენიმე, ვინც იმ ცვლილებებს ვეწინააღმდეგებოდით, მაგრამ ცვლილება მაინც განახორციელეს მაშინდელი მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ ერთი ან ორი ან თუნდაც სამი ადამიანის პოზიცია კმარა იმისთვის, რომ სიტუაცია შეტრიალდეს. შესაბამისად, თუკი ბიზნესომბუდსმენი კონსულტაციებს ასევე გაივლის მმართველ გუნდთან/ პარტიასთან პარლამენტში და გვეცოდინება, დღეს რა არის მათი პოზიცია, რა თქმა უნდა, კანონპროექტში ცვლილების ასახვას არაფერი არ უდგას წინ; მე რამდენადაც ვიცი, ამ მხრივ, არავითარი ცვლილება დაგეგმილი არ არის, მაგრამ მე მინდა თქვენ იცოდეთ, რომ რადგან პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს ასე მარტივად ვერ შეიცვლება და უნდა შედგეს ახალი კონსულტაციები. ამიტომ ბიზნეომბუდსმენის მხოლოდ ჩემდამი მომართვა საქმეს ვერ მოაგვარებს", - განუცხადა BM.ge-ს წულუკიანმა.