Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა დაამტკიცა

5a8c25af6422c
მარი როჭიკაშვილი
20.02.18 17:41
898
ეროვნული ბანკის საბჭომ კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება უკვე გამოიცა. მიზანი “ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” კანონიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის, სტატისტიკური და საფინანსო სექტორის სტაბილურობაა.

პირველი კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

1. ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სუბიექტების შემოწმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მოხსენებითი ბარათები, შემოწმების აქტები და შემოწმების დროს დამუშავებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და აღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით მომზადებული კორესპონდენცია;

2. საზედამხედველო ღონისძიებების გატარების შესახებ წერილობითი მითითებები, ეროვნული ბანკის მოთხოვნების დაცვისაგან დროებით და გარკვეული პირობით გათავისუფლება, მოხსენებითი ბარათები და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიმართ სანქციების (გარდა რეგისტრაციის, ლიცენზიის ან რეგისტრაციის, ლიცენზიის გაუქმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა) გამოყენების შესახებ.

3. ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების ჯარიმების შესახებ ელექტრონულად წარმოებული რეესტრები;

4. დაწესებული ფულადი ჯარიმების აღსრულების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტები;

5. ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებთან წარმოებული კორესპონდენცია პირის შესახებ ინფორმაციის ეროვნული ბანკის საქმიანობის მიზნებისათვის გამოთხოვის თაობაზე;

6. ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემასთან (ISMS) დაკავშირებული შემდეგი დოკუმენტაცია: რისკის იდენტიფიცირება და შეფასება, რისკის მოპყრობის გეგმა, ნარჩენი რისკის მიღება, სტანდარტთან თავსებადობის განაცხადი;

7. ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემასთან (ISMS) დაკავშირებული ყველა ის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს რისკის გაზომვადი მონაცემების, რისკის აღმოფხვრისა და შემცირების კონტროლის მექანიზმებისა და, აგრეთვე, ISMS კომიტეტის მიერ სისტემის შეფასების შესახებ დეტალურ ინფორმაციას;

8. უსაფრთხოების სხვადასხვა ტექნიკურ და პროგრამულ საშუალებებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სისტემების ტექნიკური კომპონენტების, მათი კონფიგურაციისა და ფუნქციონირების დეტალების შესახებ.