Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ანაკლიის პორტმა აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პორტებთან მემორანდუმები გააფორმა

5a1d8df687778
BM.GE
28.11.17 20:23
717
„თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ტრანსკასპიური დერეფნის პორტებთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტისა და ყაზახეთის პორტ კურიკის წარმომადგენლებთან ხელი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა მოაწერა. ბაქოს პორტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა. კურიკის პორტთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ყაზახეთის მხრიდან ხელი მოაწერეს პორტის გენერალური დირექტორის მოადგილემ ტალგატ ოსპანოვმა და „სეიმურგ ინვესტის“ გენერალურმა დირექტორმა ისკანდერ აბდულხალიკოვმა.

კონსორციუმში განმარტავენ, რომ შეთანხმებები პორტებს შორის ხელს შეუწყობს ტრანს-კასპიური დერეფნის განვითარებას და ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულებისთანავე ტვირთის გადაზიდვის კონკურენტუნარიან პირობებს შექმნის.

უახლოეს მომავალში ანაკლიის პორტი გეგმავს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას რუმინეთის პორტ კონსტანცას ნავსადგურთანაც.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს იწყება. პორტის პირველი ფაზის გახსნა და ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2021 წლისთვის იგეგმება.