Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზაფხულიდან ფასები 43%-ით გაიზრდებოდა"

5a252a03ce90d
სალომე მეცხვარიშვილი
04.12.17 15:04
1526
"ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზაფხულიდან მოყოლებული დღეს ფასები იქნებოდა 43%-ით გაზრდილი",- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.

პარლამენტის წევრი პაატა კვიჟინაძე დაინტერესდა, რატომ იღებს ინფლაციის თარგეტად ეროვნული ბანკი 3%-4%-ს და არა 5%-6%-ს, როგორც წინა წლებში. დეპუტატის თქმით, ინფლაცია ამ მაჩვენებელს სცდება და ითვლება, რომ არასწორად იყო დაგეგმილი.

აღნიშნულის საპასუხოდ კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ მომდევნო წლის ინფლაციის სამიზნე 3%-იანი მაჩვენებელი მართლაც ამბიციურია, თუმცა, ინფლაციის თარგეტი არ არის ინფლაციის ლიმიტი და ეს ცოცხალი პროცესია.

"რაც შეეხება კითხვას, რომ წინა წლებში იყო ინფლაციის თარგეტი 5%-6%: მაშინ ეროვნული ბანკი ჯერ კიდევ ავითარებდა ჩარჩოს. არ ჰქონდა სათანადო ინსტრუმენტები, რათა მიეღწია ამ მაჩვენებლისთვის. ვფიქრობთ, რომ დღეს გვაქვს საკმარისი ინსტრუმენტები. მაგრამ ამავე დროს, ინფლაციის თარგეტი არ არის ინფლაციის ლიმიტი. ეს არის ცოცხალი პროცესი. ზაფხულში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზაფხულიდან მოყოლებული დღეს ფასები იქნებოდა 43%-ით გაზრდილი.

შეგვეძლო ზაფხულში მოვსულიყავით და გვეთქვა, რომ მოდი, 4% კი არ იყოს თარგეტი, იყოს 7%. მაგრამ ეს პროცესს არ შველის.

ჩვენი ძირითადი მიდგომა არის ასეთი: ჩვენ გვაქვს მიზნობრივი მაჩვენებელი და ჩვენი ქმედებით მივდივართ მიზნობრივი მაჩვენებლისკენ, რომელიც ვფიქრობთ, რომ კარგია ეკონომიკის განვითარებისთვის",- განაცხადა კობა გვენეტაძემ.