Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფინანსთა მინისტრს ავანსის დღგ-თი დაბეგვრის გაუქმებას სთხოვენ

5a128f40d725d
სალომე მეცხვარიშვილი
20.11.17 14:13
1564
ავანსის დღგ-თი დაბეგვრა ბიზნესისთვის ყველაზე დიდი თავის ტკივილია,- ამის შესახებ საქმის კურსს BDO-ს მმართველმა პარტნიორმა საქართველოში ზურაბ ლალაზაშვილმა განუცხადა.

ის ახალ ფინანსთა მინისტრს მამუკა ბახტაძეს ურჩევს, აღნიშნული რეგულაცია გააუქმოს და დატოვოს მხოლოდ კონკრეტული ბიზნესისთვის, რომლებსაც გრძელვადიანი კონტრაქტები აქვთ, მაგალითად, სამშენებლო კომპანიებისთვის.

ზურაბ ლალაზაშვილი აცხადებს, რომ ავანსის დღგ-თუ დაბეგვრის ადმინისტრირება ძალიან გართულებულია, როგორც ბიზნესისთვის, ასევე შემოსავლების სამსახურისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე აუდიტორი ფიქრობს, რომ რეფორმის ეფექტი მცირე იქნება.

"ყველაზე კარგი ნაბიჯი ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იქნება, გააუქმოს ავანსის დღგ-თი დაბეგვრა და დატოვოს მხოლოდ იმ კომპანიებზე, ვისთვისაც იყო გამიზნული. ეს იყო ძირითადად გათვლილი იმ კომპანიებისთვის, ვისაც გრძელვადიანი კონტრაქტები ჰქონდა და ამის გამო დღგ-ს გადახდა წლობით ვადდებოდა. ეს იქნება დიდი შეღავათი ყოველდღიურ საქმიანობაში როგორც ბიზნესისთვის, ასევე თავად შემოსავლების სამსახურისთვისაც.

ამის ადმინისტრირება ძალიან რთულია, რამდენადაც ჩვენ არ ვსაუბრობთ დღეში ერთ და ორ ოპერაციაზე. ბიზნესს შეიძლება ათობით კონტრაქტი ჰქონდეს ყოველდიურად. შემოსავლების სამსახურმა უნდა შეამოწმოს ეს ყველაფერი, რასაც დარწმუნებული ვარ, ვერ მოახერხებს; ან მოახერხებს დიდი ადამიანური რესურსის ჩართვით, რაც აღარ იქნება ეფექტური",- აცხადებს ზურაბ ლალაზაშვილი.

ავანსის დღგ-თი დაბეგვრის რეგულაცია მიმდინარე წლიდან ამოქმედდა. ბიზნესის ნაწილი ამას უარყოფითად შეხვდა. სამშენებლო კომპანია GDG-ის ხელმძღვანელი საქმის კურსთან აცხადებდა, რომ ეს გრძელვადიან პროექტებს შეაფერხებდა.