Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ბავშვები მომავლიდან" - ნიუტონის რობოტიკის სკოლა

596f6eb68bb6b
სალომე მეცხვარიშვილი
20.07.17 10:15
1168
"იმისთვის, რომ რაიმე ახალი შევქმნათ ხვალ, კარგად უნდა ვიცოდეთ, რა ხდება მსოფლიოში დღეს", - სწორედ ამ იდეით ჩამოყალიბდა "ნიუტონის რობოტიკის სკოლა" რამდენიმე თვის წინ. თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვილი ცენტრი მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, არამხოლოდ ისწავლონ თანამედროვე ტექნოლოგიებთან ურთიერთობა, არამედ თავადვე შექმნან ის; შედეგად კი ბავშვებს საშუალება ეძლევათ, ყოველდღიურად განვითარებადი ინოვაციური სამყაროს ნაწილი გახდნენ.

პირველიდან მე-6 კლასამდე მოსწავლეები სკოლაში "ლეგოს“ სპეცილიაზირებულ კურსებს გადიან. სწავლების ფარგლებში, ბავშვები რობოტების მუშაობის და აწყობის სპეციფიკას კვირაში საშუალოდ 2 საათის განმავლობაში ეუფლებიან. ნიუტონის რობოტიკის სკოლის ხელმძღვანელი ილია უმუდუმოვი „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ კურსები ბავშვებს თანამედროვე სამყაროს შეცნობაში ეხმარება.

სკოლაში ყოველთვიურად დაახლოებით 50 ბავშვი სწავლობს და წლის სხვადასხვა პერიოდში 15-მდე ადამიანია დასაქმებული. რაც მთავარია, ბიზნესის დაწყებისთვის მის დამფძნებლებს განსაკუთრებულად დიდი თანხები არ დასჭირვებიათ. ნიუტონის რობოტიკის სკოლის ამუშავება ილია უმიდუმოვს დაახლოებით 12 ათასი ლარი დაუჯდა.


სკოლის შექმნის ისტორია

სკოლის დამფუძნებლისთვის ილია უმუდუმოვისთვის რობოტიკა, უპირველესად, მისთვის საყვარელ საქმიანობას წარმოადგენს და შემდეგ ბიზნესს.

"მუდმივად რაღაცეებს ვაწყობდი და შემდეგ აღმოვაჩინე, რომ საქართველოში საკმაოდ ბევრს აქვს სურვილი, მსგავსი სპეციალობა თავადაც შეისწავლოს, მაგრამ ბაზარზე მიწოდების პრობლემაა",- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი და აღნიშნავს, რომ სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა, ჰობი ბიზნესად ექცია და იდეის განსახორციელებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგა.

ბიზნესის დაწყების რამდენიმე მცდელობის შემდეგ გაუმართლა და 2017 წლის იანვრიდან ნიუტონის თავისუფალ სკოლაში რობოტიკის სასწავლო ცენტრი აამოქმედა.

ილია უმუდუმოვი ამბობს, რომ ბაზარზე რამდენიმე სხვა სკოლაც არსებობს, მაგრამ ბაზარი აუთვისებელია, რამდენადაც თანამედროვე ტექნოლოგიებზე მოთხოვნა ბევრად მაღალია.

„საქართველოს მასშტაბით ალბათ სულ 5 ცენტრი მუშაობს, რომელთაც მუდმივად შეუძლიათ 50-100 მოსწავლის გადამზადება, მაგრამ საქართველოში 300 ათასი მოსწავლეა. ამიტომ სკოლების ეს რაოდენობა ძალიან მცირეა“, - ამბობს ილია უმუდუმოვი.


დაბროკოლებები

ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ნიუტონის რობოტიკის სკოლას დღეს აქვს, მოსახლეობაში ინფორმაციის ნაკლებობაა. ილია უმუდუმოვი ამბობს, რომ ხალხმა უბრალოდ არ იცის, რომ არსებობს ასეთი შესაძლებლობა და რომ ბავშვებს თავად შეუძლიათ რობოტების აწყობა, რასაც განსაკუთრებული უნარები არ სჭირდება. თუმცა, ინფორმაციის სიმცირე ერთადერთი პრობლემა არ არის, რასაც „ნიუტონის რობოტიკის სკოლა“ აწყდება. ამ მცირე დროის განმავლობაში ილია უმუდუმოვს სტერეოტიპებთან დაპირისპირებაც მოუხდა.

„ბევრ კლიშეს წავაწყდით, მაგალითად, მომისმენია აზრი, რომ "გოგოა და რაში სჭირდება?!", ხშირად როცა რეკავენ, კითხულობენ - "გოგოა და ხომ არ გაუჭირდება?". ჩვენ კი ვცდილობთ, ეს მითი დავამსხვრიოთ და წავახალისოთ გოგონები, ამიტომ მათთვის სპეციალური ფასდაკლებებიც კი გვაქვს“,- ამბობს ილია უმუდუმოვი.


შედეგები

მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა და ტექნიკური სპეციალობებიც კონკრტერულ რიცხვებზე მუშაობს, მაგრამ „ნიუტონის რობოტიკის სკოლას“ სტატისტიკური შედეგები არ აქვს. სკოლის დამფუძნებელი ამბობს, რომ მისი შედეგები სრულიად განსხვავებულია და ეს მისთვის უფრო მნიშნელოვანია, ვიდრე რიცხვები.

„ეს ინფორმაცია თავად მშობელმა მომაწოდა. ჩვენთან მოსვლამდე ბავშვს პრობლემები ჰქონდა მოტივაციასთან დაკავშირებით, მაგრამ დაიწყო თუ არა ჩვენთან სიარული, სხვა საგნების მიმრთ ინტერესი გაუჩნდა.

კიდევ ერთი შემთხვევა იყო, როდესაც მთხოვეს სკოლამდელი მოსწავლე მიგვეღო. დავუშვით გამონაკლისი, რადგანაც ფსიქოლოგის რჩევით მოხვდა ჩვენთან. სულ რაღაც 6 გაკვეთილზე იარა ბავშვმა და სერიოზული შედეგი აქვს.

ამასთან, ჩვენივე თანამშრომლის ბავშვმა დაიწყო სიარული, რომელსაც მათემატიკა არ უყვარდა, ახლა კი უცებ გადაწყვიტა, რომ საინტერესო საგანი ყოფილა“,- ამბობს ილია უმუდუმოვი.

ნიუტონის რობოტიკის სკოლა წელს "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" ორგანიზებით გამართულ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობს. ფიქრობს, რომ გამარჯვების შანსები აქვს, ამასთან ერთად სხვებისთვის საკუთარი ისტორიის გაზიარების სურვილიც ამოძრავებს.

"როცა ურთიერთობა ბავშვებთან გაქვს, შეიძლება მაღალფარდოვნად ჟღერს, მაგრამ ურთიერთობა გაქვს ქვეყნის მომავალთან, ეს ძალიან სასიამოვნო და საპასუხისმგებლო საქმეა", - ამბობს სკოლის დამფუძნებელი.