Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში ვენახების აღრიცხვისთვის წელს 48 000 ლარი გამოიყო

59676dedec962
ელენე გოგბერაშვილი
13.07.17 16:54
947
ვენახების კადასტრის პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს. სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,რუკა მაპინგი’’ უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით ვენახების ორთოფოტოების გადაღებას ახორციელებს, რის საფუძველზე შემდგომში საკადასტრო რუკები მომზადდება.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში ,,საქმის კურსს’’ განუცხადეს, პროგრამის განხორციელება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან დაიწყო. 2015-2016 წლებში კადასტრის პროგრამა თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა, რაც ეტაპობრივად მოიცავს კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებს. ვენახების კადასტრის პროგრამა მთლიანად სახელმწიფო დაფინანსებით ხორციელდება. სააგენტოს ცნობით, წელს ვენახების აღრიცხვა მხოლოდ ახმეტის მუნიციპალიტეტში მოხდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 48 ათასი ლარი გამოიყო.

ვენახების საკადასტრო სისტემა მოიცავს ვენახების ფართობების, გაშენებული ჯიშებისა და სხვა მონაცემების ერთობლიობას, რომლითაც იდენტიფიცირდებიან ღვინის წარმოების სფეროში დასაქმებული მევენახები და მწარმოებლები.

საქართველოში ანალოგოური სისტემა აქამდე არ არსებობდა. როგორც სააგენტოში განმარტავენ, მას შემდეგ, რაც საკადასტრო ბაზა შეიქმნება, მოწესრიგდება როგორც ვენახების აღრიცხვიანობა, ისე ეს პროცესი ხელს შეუწყობს რთველის პროცესის სწორად დაგეგმვას, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგს და ზოგადად მეღვინეობის სფეროს რეგულირებას.