Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ნენსკრა ჰესის პროექტის მორიგი საჯარო განხილვები სოფელ ჭუბერსა და ნაკრაში გაიმართება

5992b31ba9078
BM.GE
15.08.17 12:36
825
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია, სს „ნენსკრა ჰიდრო“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის მორიგ საჯარო განხილვებს სოფლების ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობისთვის, შესაბამისად, 22-23 და 24 აგვისტოს გამართავს.

საჯარო განხილვები ღია კარის ფორმატში გაიმართება: 09:00-დან 19:00 საათამდე ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, დაუსვას კითხვები და მიიღოს ამომწურავი პასუხები სპეციალისტებისგან შემდეგ დარგებში: მიწების შესყიდვა, გარემოს დაცვა, კაშხლის უსაფრთხოება, თემის განვითარების პროგრამა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება. ადგილზე იმუშავებენ როგორც პროექტის თანამშრომლები, ასევე მოწვეული სპეციალისტები.

დამატებითი კვლევის შედეგები, რომელსაც ანგარიში ეფუძნება, ა.წ. მარტში გამოქვეყნდა. მისი ელექტორნული ვერსია ქართულ და ინგლუსურ ენებზე ხელმისაწვდომია საპროექტო კომპანიის ვებგვერდზე.

ანგარიში მოიცავს იმ დამატებითი კვლევების შედეგებს, რომლებიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპული საინვესტიციო ბანკის (EIB), კორეის განვითარების ბანკის (KDB), იტალიის საექსპორტო საკრედიტო სააგენტოსა (SACE) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.

„მიგვაჩნია, რომ მხოლოდ სრული გამჭვირვალეობის პრინციპებზე დაყრდონითა და ადგილობრივი მოსახლეობის სრული ჩართულობით შევძლებთ ნენსკრა ჰესის პროექტის წარმატებულ განხორციელებას. საჯარო განხილვების მორიგი რაუნდი სწორედ ამ ორ მიზანს ემსახურება“, - აღნიშნა სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ.