Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მერიის განხორციელებული შესყიდვები, რომლებიც კორუფციის რისკებთანაა დაკავშირებული

59db624960e63
BM.GE
09.10.17 16:00
666
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” თბილისის მერიის სისტემაში 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პრაქტიკა შეისწავლა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური საკითხი, მათ შორის ტენდერებში დაბალი კონკურენცია, გამარტივებული გზით ხელშეკრულებების გაფორმება გამოუცდელ და ახალ დაფუძნებულ კომპანიებთან, ასევე, კონკრეტული შესყიდვები, რომლებიც კორუფციის შედარებით მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული.

კვლევის ფარგლებში გამოვლენილი პრობლემური საკითხები:

ტენდერების გზით განხორციელებული შესყიდვები (2014-2017 წწ.):

თბილისის მერიამ და მის დაქვემდებარებაში შემავალმა უწყებებმა - რაიონულმა გამგეობებმა, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ტენდერების გზით სულ 3 711 ხელშეკრულება დადეს, საიდანაც 1 333-ს (36%) მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავდა.

ერთმონაწილიანი ტენდერებიდან, 41 შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულებამ ტენდერის სავარაუდო ღირებულებას გადააჭარბა. ამ მხრივ ყველაზე მეტად ისნის რაიონის გამგეობა გამოირჩევა:

ისნის გამგეობა - სავარაუდო ღირებულება 44,017; საბოლოო - 51, 940 (შესყიდვის კატეგორია - ავეჯი); შემსრულებელი - შპს აჩისარი
ისნის გამგეობა - საწყისი ღირებულება 47,960; საბოლოო - 56, 592 (შესყიდვის კატეგორია - ავეჯი); შემსრულებელი - შპს აჩისარი
ისნის გამგეობა - საწყისი ღირებულება 65,955; საბოლოო - 77,080 (შესყიდვის კატეგორია - სხვადასხვა საკვები პროდუქტი); შემსრულებელი - ჯი აი სი ჯორჯია
ისნის გამგეობა - საწყისი ღირებულება 46,070; საბოლოო - 53,148 (შესყიდვის კატეგორია - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები); შემსრულებელი - ჯეო პარკი

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვეს ისეთმა კომპანიებმა, რომლებიც ტენდერის გამოცდადებამდე 1 წელზე ნაკლებ დროში (ზოგიერთ შემთხვევაში, ტენდერის გამოცხადების შემდეგაც კი) არიან დაარსებულნი (ყველა მოცემული ტენდერი ეკუთვნის თბილისის მერიას):

შპს მარკერი, ტენდერის გამოცხადებიდან 6 დღეში დაფუძნდა, (მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები) - 901 456 ლარი. სატენდერო პირობები ხელშეკრულების ღირებულების 95%-ის ავანსის სახით გაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებდა;
შპს გამწვანება 2016, ტენდერის გამოცხადებიდან 6 დღეში დაარსდა (ტენდერი,მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები) - 646 104 ლარი;
შპს გამწვანება 2016, ტენდერის გამოცხადებიდან 6 დღეში დაარსდა (მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები) - 645 912 ლარი;
შპს გამწვანება 2016, ტენდერის გამოცხადებიდან 6 დღეში დაარსდა (მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები) - 619 160 ლარი;

შპს ენკო, ტენდერის გამოცხადებიდან 8 დღეში დაარსდა (მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები) - 459 164 ლარი.
იმ 494 ტენდერიდან, რომელშიც ახალმა დაფუძნებულმა კომპანიამ გაიმარჯვა, 24 (4,9%) შემთხვევაში ხელშეკრულება ვერ შესრულდა.

მერიის სისტემაში დადებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა საერთო ღირებულებაც 18,9 მლნ ლარს შეადგენდა, 81 არ შესრულდა.

მსხვილი მიმწოდებლების სიაში შპს “ენსისი” ლიდერობს, რომელსაც ტენდერების გზით 21 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული. “ენსისი” ასევე გვხვდება გამარტივებული გზით განხორციელებულ შესყიდვებშიც. კერძოდ, შესყიდვის ამ ტიპით კომპანიამ 5 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა. აღსანიშნავია, რომ კომპანია ფლობს შპს “ჯი სი”-ს, რომლის დირექტორის პოსტსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი დავით შავლიაშვილი იკავებს.

თბილისის მერიის სისტემაში მმართველი პარტიის 10 შემომწირველის 10 კომპანია 61 ტენდერის გამარჯვებული გახდა - ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 41,8 მლნ ლარს მიაღწია. აღნიშნული პირების მიერ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ განხორციელებული 12 შემოწირულობის ჯამმა კი 340 600 ლარი შეადგინა.


გამარტივებული გზით განხორციელებული შესყიდვები (2015-2016 წწ.):


2015-2016 წლებში თბილისის მერიამ და მის სისტემაში შემავალმა უწყებებმა გამარტივებული შესყიდვის გზით 2 646 ხელშეკრულება გააფორმეს, რომელთა საერთო ღირებულებამ 157 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც ამავე პერიოდში მერიის სისტემაში სულ (ტენდერების ჩათვლით) სახელმწიფო შესყიდვებზე დახარჯული თანხის დაახლოებით 26%-ს შეადგენს.

გამარტივებული შესყიდვებით 2015-2016 წლებში თბილისის მერიის სისტემაში ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი "ბლექ სი გრუპი" იყო, რომელმაც 14,2 მლნ ლარის ღირებულების 8 კონტრაქტი მიიღო; მეორე ადგილზეა "კავკასუს როუდ პროჯექტი" 12,5 მლნ ლარის ღირებულების 9 კონტრაქტით.

გამარტივებული შესყიდვის გზით, თბილისის მერიის სისტემაში 2015-2016 წლებში სულ 3,4 მლნ ლარის საერთო ღირებულების 37 კონტრაქტი დაიდო ისეთ კომპანიებთან, რომელთა დაფუძნებიდან ხელშეკრულების დადების მომენტში 1 წელზე ნაკლები იყო გასული.

ახალ დაფუძნებულ კომპანიებთან გამარტივებული გზით დადებულ ხელშეკრულებებს შორის ვხვდებით ისეთ კონტრაქტებს, რომლებიც ავანსის სახით თანხის 80-100%-ის გაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებენ. მაგალითად, შპს "ენკოსთან" დადებული 703 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება, შპს "მანუფაქტურასთან" დადებული 102 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება და ა.შ.

2015-2016 წლებში მერიის სისტემაში გამარტივებული გზით დადებული ხელშეკრულებებიდან 12 არ შესრულდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 3,2 მლნ ლარს გადააჭარბა.

2015-2016 წლებში “ქართული ოცნების” 5 შემომწირველის 5 კომპანიასთან 10,2 მლნ ლარის საერთო ღირებულების 32 გამარტივებული ხელშეკრულება გაფორმდა. ამ პირების მიერ განხორციელებული 6 შემოწირულობის ჯამურმა ოდენობამ 177 000 ლარი შეადგინა.
რეკომენდაციები

თბილისის მერიამ უნდა მიიღოს ზომები, რომ ტენდერის ჩატარებისას უზრუნველყოს უფრო მაღალი კონკურენცია;

გათვალისწინებული უნდა იქნას ის რისკები, რაც თან ახლავს ახალი დაფუძნებული და სათანადო გამოცდილების არმქონე კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას;

თავიდან უნდა იქნას არიდებული გამარტივებული შესყიდვის ხშირად გამოყენება, რათა დაიზოგოს საბიუჯეტო სახსრები და გამოირიცხოს კორუფციული რისკები. აუცილებელია, სათანადო ზედამხედველობა გამარტივებულ შესყიდვებზე.