Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"გოდერძიზე საინვესტიციო პროექტების დასრულებას 2-3 წელი დასჭირდება"

5a3f8709dcc75
BM.GE
24.12.17 16:07
727
"კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო პროექტების დასრულებას დაახლოებით 2-3 წელი დასჭირდება, რის შემდეგაც სრულფასოვან დასასვენებელ ობიექტს მივიღებთ", - ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ საქმიან დილასთან განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული კურორტის გასავითარებლად სახელმწიფო არაერთ მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს.

"2018 წლის ბოლომდე მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, სავარაუდოდ, უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც აღნიშნული პროექტი კურორტ “გოდერძის” მიმართულებით დაიწყება. საქართველოს საგზაო დეპარტამენტი უპრეცედენტო და ისტორიული მნიშვნელობის პროექტს ახორციელებს. ეს ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციაა, რომლის დასრულების შემდეგაც კურორტი ’’გოდერძი“ სრულფასოვნად ამოქმედდება",- აღნიშნა რამაზ ბოლქვაძემ.

როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, მიმდინარე წელს 1761 მეტრი შიდა გზის მოწესრიგება შეძლეს და მომავალ წელს 1300 მეტრის შიდა გზის მოწყობა არის დაგეგმილი. მისი თქმით, აღნიშნული სამუშაოები კურორტზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას სრულყოფილად უზრუნველყოფს.

"მიმდინარე პერიოდში წყლის და კანალიზაციის პროექტები უკვე დასრულებულია და კურორტს წყალი შეუფერხებლად მიეწოდება. გოდერძის ერთდროულად 7 ათასი მოთხილამურის მიღება შეუძლია. კურორტზე დაახლოებით 1500-მდე განთავსების ობიექტი იქნება. მინდა, აღვნიშნო, რომ შუახევის მუნიციპალიტეტში კურორტ ღომას განვითარებას ვგეგმავთ, ასევე დაგეგმარების ეტაპზეა "მწვანე ტბა", რომელიც გოდერძიდან 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მაღალმთიან აჭარაში უნიკალური პროექტი - "ალპური ბოტანიკური ბაღი“ უნდა განხორციელდეს, სადაც სამუშაოები უკვე დაწყებულია",- აცხადებს ბოლქვაძე.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, უცხოური კომპანიების მხრიდან საკმაოდ დიდი დაინტერესებაა. მისი განმარტებით, ერთ-ერთი კომპანია საერთაშორისო Ramada-ს ბრენდის შემოყვანას გეგმავს, რომელიც რეგიონში პირველი იქნება. ამ კუთხით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რაშიც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ტურიზმის დეპარტამენტიც ჩართულია.