Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"პეკინის ქუჩაზე ფაქტობრივად გადაწყვეტილია ველობილიკის მოწყობა"

5993ef7252a8e
BM.GE
16.08.17 11:07
1391
"პეკინის ქუჩაზე ფაქტობრივად გადაწყვეტილია ველობილიკის მოწყობა",- ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა.

პარკირების სისტემა და ავტობუსების ხაზთან დაკავშირებული თემები პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში შეხვედრისას განიხილეს.

"სხდომაზე ტექნიკური საკითხები განვიხილეთ, მათ შორის: როგორ იქნება განლაგებული პარკირების სისტემა სამკუთხედზე - პეკინი-შარტავა-კოსტავას ქუჩებზე; ასევე „Bus lane”-ები, რა ფართი იქნება მათთვის გამოყოფილი. პარკირების მიმართულებით, კოსტავას ქუჩაზე იცვლება დგომა, გაკეთდება 45 გრადუსიანი დგომა, რათა მეტი სატრანსპორტო საშუალება დაეტიოს, ასევე, სააკაძის მოედანს ემატება 60 ერთეული პარკირების ადგილი. ეს იყო ის საკითხები, რომლებიც გავიარეთ და საპატრულო პოლიციასთან შევთანხმდით. პეკინის ქუჩაზე ფაქტობრივად გადაწყვეტილია ველობილიკის მოწყობა. ველოსიპედებისთვის გამოიყოფა დაახლოებით 900 მეტრიანი ზოლი, სადაც ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი",- განაცხადა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ.
პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.