Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მთავრობა ე.წ სვანური ღუმელების სუბსიდირებას განიხილავს

59c3550c68122
დავით ჯალაღონია
21.09.17 10:00
1031
მთავრობა ენერგოეფექტური ღუმელების ხელმისაწვდომობის სუბსიდირებას განიხილავს. როგორც „საქმის კურსს“ გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა განუცხადა, უწყება შეშისა და ალტერნატიული საწვავი საშუალებების სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობს, სადაც სუბსიდირების ფორმებზე იქნება ინფორმაცია მოცემული.

მისი განმარტებით, საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა არაენერგოეფექტურ შეშის ღუმელს მოიხმარს, რაც შესაძლოა, ე.წ სვანური ღუმელებით ჩანაცვლდეს.
„ე.წ სვანური ღუმელები არის თბოეფექტური და ხელშესაწყობი, რომ ადგილობრივ დონეზე მცირე საწარმოები განვითარდეს, რომლებიც ასეთ ღუმელებს გამოუშვებენ. ასეთი ღუმელები დღესაც იწარმოება, მაგრამ არა იმ მოცულობით, რომ ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი იყოს, რადგან მოსახლეობაში გადახდისუნარიანობა არ არის, თუმცა ეტაპობრივად შეშის და ალტერნატიული საწვავი საშუალებების სახელმწიფო პროგრამის მიზანი არის, რომ ჩვენ აქ გავწეროთ, მათ შორის, სუბსიდირებისა და წამახალისებელი აქტივობების შესაძლებლობა. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის სუბსიდირება და წილობრივი მონაწილეობა, როგორც დონორი ორგანიზაციების, ისე სახელმწიფოს მხრიდან, რომ მოქალაქეებს საშუალება მიეცეთ და წახალისდნენ, ასეთი ტიპის ენერგოეფექტური ღუმელები შეიძინონ“, - განაცხადა ამირგულაშვილმა და დასძინა, რომ სუბსიდირების ფორმა დამოკიდებული იქნება სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად დაგეგმილ შესაბამის სახელმწიფო პროგრამაზე.

„ამ წუთას ვმუშაობთ ენერგეტიკის სამინისტროსთან, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან მოგვიწევს ამ საკითხის გავლა, რადგან ეს პირდაპირ მიბმულია ბიუჯეტზე. მონეტარულად სერიოზული განსხვავებაა იმ არაეფექტურ ღუმელებსა და ამ თბოეფექტურ, ე.წ სვანურ ღუმელებს შორის“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც სუბსიდირების ფორმები განისაზღვრება, მოსახლეობის დახმარების პროცესში ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიც ჩაერთვებიან. კარლო ამირგულაშვილი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, როდის დაიწყება აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის მუშაობა და რამდენ ხანს გაგრძელდება, ასევე რა დაუჯდება ბიუჯეტს მისი განხორციელება.