Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ვი-ემ ენერჯის" ნავთობისა და გაზის კორპორაციის ტენდერის მიმართ პრეტენზია აქვს

59be70c832b12
BM.GE
17.09.17 19:11
749
ჩინური კომპანიები საქართველოში ნავთობის ძიებითა და მოპოვებით დაინტერესდნენ. პოტენციურმა ინვესტორებმა ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღეს. ჩინურმა კომპანიებმა შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინეს, მათ შორის, საბანკო გარანტიებიც. ამ ეტაპზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროცესის წინააღმდეგ კომპანია "ვი-ემ ენერჯი" გამოდის, - თემის დეტალებით გადაცემაში "საქმის კურსი" კომპანია "ვი-ემ ენერჯის" იურისტმა გიგი სისვაძემ ისაუბრა.

-ბატონო გიგი, შპს "ჩინეთის ახალი ვარსკვლავის" (CNEC) წინააღმდეგ რა არგუმენტები გაქვთ?

-ჩვენი გამოხმაურება თქვენს გადაცემაში 8 სექტემბერს გასულმა სიუჟეტმა გამოიწვია, სადაც ნათქვამი იყო, რომ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ჩინურ კონსორციუმთან ხელშეკრულებას აფორმებს. ჩვენ გაზისა და ნავთობის კორპორაციას ჯერ კიდევ 4 ივნისს მივმართეთ და აღნიშნულ კონსორციუმზე და მათ საქმიანობაზე ინფორმაცია მივაწოდეთ და შეიძლება ითქვას, რომ ის კომპანიები, რომლებიც საქართველოში არიან რეგისტრირებული, ახლად რეგისტრირებული სუბიექტები არიან, რომლებსაც არანაირი გამოცდილება და ბაზისი არ გააჩნიათ, რომ აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა მიიღონ. ამიტომაც მათ გააკეთეს ახალი კომპანია "ჩინეთის ახალი ვარსკვლავის“ რეგისტრაცია, რომელიც თითქოს ქალაქ პეკინშია რეგისტრირებული, რაც არანაირი დოკუმენტით არ დგინდება და მას იურიდიული მისამართიც კი არ გააჩნია. გარდა ამისა, ამ კომპანიის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის რესპუბლიკაში საკმაოდ ფართოდ მოიპოვება. მათ სოლიდური ვალდებულებები აქვთ, რომელსაც ვერ ასრულებენ, ასევე მთელი მათი ქონება დაყადაღებულია. ინფორმაცია სასამართლოს საიტზე საჯაროდ არის განთავსებული.

-თქვენ აღნიშნული ინფორმაცია სააგენტოს მიაწოდეთ და როდის მიმართეთ მათ?

-რა თქმა უნდა, ჩვენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველად სააგენტოს მიმდინარე წლის 4 ივნისს მივმართეთ.

-რა პასუხი მიიღეთ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოდან?

-აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტოს მხრიდან საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პასუხი არ ყოფილა. დაახლოებით რამდენიმე დღის წინ გვაცნობეს, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციით დაინტერესდნენ და იგი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ჩინეთის საელჩოში გადაგზავნეს და აღნიშნული ინფორმაციის იდენტიფიკაციას მოახდენენ. დაახლოებით ასეთი შინაარსის წერილი მივიღეთ, თუმცა, იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ ისინი მართლა დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და მიმდინარეობს თუ არა ის პროცესები, რასაც აცხადებენ არ წარუდგენიათ.

-რა იყო ტენდერის პირობები და "ვი-ემ ენერჯი" ხომ არ გეგმავდა მასში მონაწილოების მიღებას?

-მოქმედი კანონმდებლობისა და იმ წესების თანახმად, რომლითაც აღნიშნული ტენდერი რეგულირდება, პირდაპირ მითითებულია, რომ თუ პრეტენდენტს არ აქვს ლიცენზიის მოპოვებაზე გამოცდილება, შესაბამისი ტექნიკა და ფინანსური ბაზისი, მასთან კონტრაქტი ვერ გაფორმდება. ჩვენ ზუსტად ეს ინფორმაცია წარვადგინეთ, რომ მათ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ გააჩნიათ. ჩვენ აღნიშნული ტენდერის მიმართ, რა თქმა უნდა, მაღალი ინტერესი გვაქვს. ტენდერის გამოცხადებამდე გარკვეულწილად სააგენტოს მხრიდან არასწორი ინფორმაცია იყო, რადგან ისინი უთითებდნენ, რომ კომპანიას, რომელიც ტენდერში მიიღებდა მონაწილოებას აუცილებლად უნდა ჰქონოდა გამოცდილება. ჩვენ ვთანამშრომლობდით გარკვეულ კომპანიებთან, რათა ტენდერში მონაწილოება მიგვეღო.

-ვერ შეხვედით აღნიშნულ ტენდერში?

-ვერ შევედით, მაგრამ შემდეგ როდესაც გადავხედეთ იმ კომპანიებს, რომლებიც აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობდნენ, აღმოჩნდა, რომ მათ გამოცდილება საერთოდ არ აქვთ. სააგენტოს მხრიდან დაანონსებული, რომ კომპანიის გამოცდილება ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი წინაპირობა იყო, სიმართლე არ აღმოჩნდა. ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც ტენდერში მონაწილოება მიიღო. მინდა აღვნიშნო, რომ ’’ჩინეთის ახალი ვარსკვლავის“ გამოცდილების შესახებ უზღვავი მასალა მოიპოვება. მას დიდი დავალიანებები აქვს, მის ქონებას ყადაღა ადევს. ასევე სასამართლო იუწყება, რომ კომპანიას არანაირი ქონება, არც აქტივი და არც რაიმე ღირებული არ გააჩნია, რომ აღსრულდეს. შეჩერებულია აღსრულების წარმოება, ვიდრე არ გამოჩნდება მის სახელზე რამე ქონება. აქვე აღვნიშნავ, რადგან ეს საჯარო საერთაშორისო ტენდერია და უპირველესად, სახელმწიფო ინტერესებს უკავშირდება, თუ ეს კომპანია გაიმარჯვებს და მათთან გააფორმებენ ხელშეკრულებას, ფაქტობრივად იმ მოვალეებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომლებსაც ამ კომპანიის მიმართ ვალდებულებები გააჩნიათ და ვერ ასრულებენ, რომ მათ სახელზე არსებული აქტივებით მოახდინონ აღსრულება. ჩვენ მიმდინარე პროცესებს საკმაოდ დიდი ინტერესით ვაკვირდებით და არ ვაპირებთ, რომ მოცემულობაში ხელშეკრულების გაფორმება გამოვრიცხო. ყველა წინაპირობა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ხელშეკრულება არ გაფორმდეს. ვაპირებთ ყველა შესაბამის უწყებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, პროკურატურასაც, რომ გამოძიება დაიწყოს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ტენდერი თავიდან გამოცხადდება, რადგან ის მოცემულობა, რომელიც ამჟამად გვაქვს, ხელშეკრულების გაფორმებას აბსოლუტურად გამორიცხავს.