Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ახლადარჩეული ბიზნესომბუდსმენი მის პრიორიტეტებს ასახელებს

5a69ec5f3bf23
BM.GE
25.01.18 19:21
696
ახლადარჩეული ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ზოგადად ქვეყანაში საკმაოდ პოზიტიური ბიზნესგარემოა, რასაც იმ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების დასკვნები ადასტურებენ, რომლებსაც ისინი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს დებენ, - ამის შესახებ ირაკლი ლექვინაძემ ’’საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატი ბიზნესის ტკივილს ხელისუფლების სხვადასხვა რგოლებამდე მაქსიმალურად მოკლე დროში მიიტანს.

"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერმინისტრს უდიდესი ნდობისთვის. ეს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა, რადგან მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს ბიზნესსა და ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებს შორის. ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა არც თუ ისე შორეული წარსულიდან მოდის. ის ყოველთვის ეფექტური რგოლი იყო, ჯერ კიდევ გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენობის პერიოდში და ჩემთვის განვლილი გზა დამატებითი გამოწვევაა იმისთვის, რომ უფრო მეტად შევძლო ბიზნესის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა“,- აცხადებს ლექვინაძე.

ბიზნესომბუდსმენის განმარტებით, ძალიან აქტიური მუშაობა მოხდება საკანონმდებლო თუ იმ პრაქტიკის მიმართულებით, რომელიც ზოგადად ბიზნესს გააჩნია და ბუნებრივია, ყველა დასმული საკითხი შეგროვებული და განხილული იქნება აპარატში.

“სამ ძირითად მიმართულებას ვხედავ, სადაც ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის წარმოჩენა კიდევ უფრო ეფექტურად შეიძლება. უპირველესად, ეს ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის შენარჩუნებაა და სწორედ აქ არის ყველა ის საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც მსხვილ, რეგიონულ და სექტორულ ბიზნეს ასოციაციებთან შეიძლება არსებობდეს. აქტიურად ვითანამშრომლებთ ყველა ბიზნეს ასოციაციასთან, შევაფასებთ იმ საკითხებს, რომლებზეც ისინი მუშაობენ და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში დავსვამთ.

მინდა, ასევე მცირე ბიზნესი არსებობდეს, როგორც ცალკე ფოკუსი. არის მცირე ბიზნეს ასოციაციების გაერთიანება, სადაც ძალიან ბევრი ორგანიზაციაა გაერთიანებული. ამ დარგს ცოტა განსხვავებული რიგის პრობლემები აწუხებს“- ამბობს ბიზნესომბუდსმენი.

მისივე თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად ითანამშრომლებს იმ არასამთავრობო სექტორთან, რომლებიც ბიზნესის პრობლემებს ახლოს იცნობენ.

ლექვინაძე ამბობს, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატის მუშაობის მთავრი პრინციპი თითოეულ საკითხისადმი სამართლიანი მიდგომა იქნება და ნებისმიერ დასმულ საკითხზე ბიზნესის სასარგებლოდ კომპრომისის მიღწევას შეეცდება. როგორც ახლადარჩეული ბიზნესომბუდმენი აღნიშნავს, თუ მოცემულ ეტაპზე გარკვეულწილად შეუძლებელი იქნება ბიზნესის გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება, ამას აპარატი ძალიან გარკვევით და გამჭვირვალედ განუმარტავს ბიზნესს.